Thumbnail
  • 📅 8 მაისი | ⌚ 18:15 | ⚽ ბარსელონა V ატლეტიკო
  • ეს თამაში ლა ლიგაში ბევრ რამეს გაარკვევს
  • დამარცხებულის შანსი ძალიან შემცირდება, გამარჯვებულის - გაიზრდება
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ატლეტიკო - 76, რეალი - 74, ბარსელონა - 74, სევილია - 70. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბულია. და ახლა, 35-ე ტურში, ლიდერი ატლეტიკო ბარსელონაში ჩადის!

კატალონიურ გრანდს მხოლოდ მოგება სურს, დიეგო სიმეონეს გუნდი კი ალბათ ფრეზეც არ იტყოდა უარს. ფაქტია, ეს მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. საინტერესოა ისიც, რომ საინტერესოა, რომ ამავე ტურში რეალი სევილიას ეთამაშება.

ბარსას მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გრანადასთან მატჩის წინ თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნდებოდა, რადგან ატლეტიკოს დიდი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა, ფაქტია დაბრუნდა და რომ არა სწორედ იმ გრანადასთან შინ მოულოდნელი წაგება (1:2), ახლა ლა ლიგის ლიდერი არა ატლეტიკო, არამედ "ბლაუგრანა" იქნებოდა.

თუმცა, მაშინ კუმანის ბიჭებმა ეს ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვეს და ახლა უკვე უშუალოდ დიეგო სიმეონეს გუნდის ძლევაზე ფიქრი და ზრუნვა მოუწევთ. მეორეს მხრივ, ატლეტიკოს შეუძლია, "კამპ ნოუზე" იმარჯვოს და ლიდერობა განიმტკიცოს, მაგრამ ეს იოლი არ იქნება, რადგან "როხიბლანკოს" ბარსელონა სტუმრად უკვე 15 წელია არ დაუმარცხებია. კატალონიელებს ბოლო 19 მატჩში 16 გამარჯვება აქვთ, თუმცა უკანასკნელ ხუთ ტურში ორჯერ დამარცხდნენ.

ატლეტიკოს განსაკუთრებით კარგი პირველი წრე ჰქონდა, მეორე წრეში კი სიმეონეს გუნდს ცოტა გაუჭირდა, არასტაბილურობაც დასჩემდა და ამიტომაცაა, რომ ბარსაც "კუდზე აზის" და რეალიც. თავიდან კი "როხიბლანკოს" ისეთი სტარტი ჰქონდა, მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ 34-ე ტურისთვის ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის მსგავსი დაძაბულ ვითარება იქნებოდა. დღევანდელ შეხვედრას გუნდები პრაქტიკულად საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან. ბარსელონას დიდი ხანია ფილიპე კოუტინიო და ანსუ ფატი აკლია და კუმანის გუნდი მათ გარეშე ყოფნას შეეჩვია კიდეც.

პირველ წრეში ატლეტიკომ ბარსას 1:0 მოუგო

ასე რომ, "კამპ ნოუზე" 6-ქულიანი თამაშია, რომელშიც თითოეულ შეცდომას ოქროს ფასი ექნება. ამ შეხვედრაში მარცხი დიდი ალბათობით, ჩემპიონობის დაკარგვის ტოლფასი იქნება, განსაკუთრებით ბარსელონას შემთხვევაში, მაგრამ უკეთეს ვითარებაში არც ატლეტიკო აღმოჩნდება. ლა ლიგაში ბოლოს ამ გუნდებს შორის მსგავსი დატვირთვის თამაში 7 წლის წინ გაიმართა, მაშინაც მაისში და ატლეტიკომ დიეგო გოდინის გოლით ქულა მოიპოვა (1:1), რამაც "როხიბლანკო" გააჩემპიონა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ ლა ლიგაში ატლეტიკოსთან ბოლო 21 მატჩიდან ერთადერთი წააგო (14 მოგება, 6 ფრე), ისიც მიმდინარე სეზონში (0:1). ბოლო სეზონი, როდესაც ბარსამ ატლეტიკოსთან ორივე თამაში წააგო, 2005/06 წლების იყო (1:2 მადრიდში, 1:3 ბარსელონაში).

⚽ ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 19 მატჩიდან 16 მოიგო.

⚽ მადრიდის ატლეტიკოს ბარსელონასთან სტუმრად ბოლო 14 თამაში არ მოუგია (ლა ლიგაში, 4 ფრე, 10 წაგება), რაც "როხიბლანკოსთვის" ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი საგარეო სერიაა ლა ლიგაში (სტუმრად). ბოლოს, "კამპ ნოუზე" მადრიდელებმა 2006 წლის თებერვალში პეპე მურსიას ხელმძღვანელობით 3:1 მოიგეს.

⚽ ბარსამ ატლეტიკოსთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლ 3 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ 2021 წელს ბარსელონამ ლა ლიგაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა - 49 (16 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). ამავე პერიოდში ატლეტიკომ 8 ქულით ნაკლები მოიპოვა - 41 (12 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება).

⚽ გრანადასთან 1:2 მარცხის შემდეგ, შეიძლება ბარსელონამ მეორედ წააგოს 21-ე საუკუნეში ზედიზედ ორი საშინაო თამაში ლა ლიგაში. ჯერჯერობით ეს ამ საუკუნეში ერთადერთხელ 2016 წლის აპრილში მოხდა, ლუის ენრიკეს მწვრთნელობისას.

⚽ მხოლოდ სევილიასთან აქვს ლიონელ მესის ყველაზე მეტი გოლი გატანილი ყველა ტურნირის ჩათვლით (38 გოლი 43 თამაშში), ვიდრე ატლეტიკოსთან (32 გოლი 42 თამაშში).

⚽ მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი ლუის სუარესი პირველ მატჩს ჩაატარებს ბარსელონას წინააღმდეგ ლა ლიგაში. მას ლა ლიგაში 30 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და ყველას კარში გოლი აქვს გატანილი (ჯამში 166).

⚽ ანტუან გრიზმანს ლა ლიგაში ატლეტიკოს წინააღმდეგ 11 შეხვედრაში გოლი არ აქვს გატანილი. მას მხოლოდ ორი გუნდის წინააღმდეგ არ აქვს გატანილი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ეთამაშა - ატლეტიკო (11 თამაში) და კადისი (2 თამაში).

⚽ დიეგო პაბლო სიმეონეს ბარსელონასთან სტუმრად 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე, 5 წაგება), რაც მისთვის ანტირეკორდია.

⚽ ატლეტიკოსა და ბარსელონას ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბარსელონას ბოლო 5 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ატლეტიკოს ბოლო 5 მატჩში ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და აგრეთვე ორჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ეს გუნდები აქამდე 211-ჯერ შეხვედრიან (ყველა ტურნირზე). 96 მატჩი ბარსამ მოიგო, 66 ატლეტიკომ და 49-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - არაუხო, პიკე, ლენგლე - სერხი რობერტო, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა - გრიზმანი, მესი
ტრავმა: კოუტინიო, ანსუ ფატი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო - კარასკო, ლორენტე, კოკე, ლემარი - სუარესი, კორეა

კომენტარები

ბოლო ამბები