Thumbnail

მაისურაძის ბრინჯაო გრანდ სლემზე - ლუკას წარმატებული დებიუტი ახალ წონაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი აქსელ კლერგე დაამარცხა
  • დღესვე კვარცხლბეკზე ასასვლელად ონისე სანებლიძე იბრძოლებს

23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ, რომელიც მისთვის ახალ 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზოდა, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მაისურაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ფრანგ აქსელ კლერგეს გაეჯიბრა, ვაზარიზე დასცა და როდესაც შებოჭვაზე გადავიდა, მეტოქემ დანებება არჩია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას კლერგემ ტრავმა მიიღო და სრული ძალით ასპარეზობას ვერ ახერხებდა.


შეგახსენებთ, რომ ლუკამ საწყის რაუნდში სენეგალელ აბდერაჰმან დიაოს ვაზარი აართვა, შემდეგ კი, მტკივნეულ ილეთზეც დაიჭირა. ქართველმა გაცილებით სახელოვანი გამარჯვება იზეიმა მე-2 რაუნდში, სადაც 2010 წლის ევროპის ჩემპიონსა და წლეულს, თბილისისა და ანტალიის გრან სლემების გამარჯვებულ მარკუს ნიმანს აჯობა. ყველაფერი “გოლდენ სქორში” გადაწყდა, სადაც მაისურაძემ 30 წლის შვედი მეტოქე ვაზარიზე დასცა.


ლუკა ძალიან დამაჯერებლად გაისარჯა მერვედფინალსა და მეოთხედფინალშიც, სადაც შესაბამისად, გერმანელ ტიმ შმიდტსა და ებრაელ ლი კოჩმანს იპონებით აჯობა. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში სანშირო მურაოს გადაეყარა და 20 წლის იაპონელთან, რომელსაც 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური ოქრო აქვს აღებული, დამატებით დროში იპონით წააგო. სხვათა შორის, ეს ის მურაოა, რომელიც 2018 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობის ფინალში ლაშა ბექაურს ჰყავს დამარცხებული.

დღესვე, 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს ონისე სანებლიძეს, რომელიც რუს ნიიაზ ბილალოვს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში ქართულმა დელეგაციამ ყაზანის გრანდ სლემზე 2 მედლის მოპოვება მოახერხა: ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) გახდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები