Thumbnail

ლენოვო ტენერიფეს ქართველმა კალათბურთელმა ლიდერობა განიმტკიცა სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) გამოკითხვაში, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდის ეგიდით მიმდინარეობს.

შუალედური მდგომარეობით, 32 წლის ქართველ ცენტრს 13 142 ხმა აქვს მოგებული და უკვე საგრძნობი სხვაობით უსწრებს მთავარ კონკურენტს, მადრიდის რეალის კაბო ვერდელ ლეგიონერ ედი ტავარესს (9 947). მე-3 ადგილზე მყოფი ხუვენტუტელი ხაბი ლოპეს-აროსტეგი (2 425) ლიდერებს ძალიან ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ფანები თავიანთ რჩეულს ხმას ტვიტერზე, ინსტაგრამსა და ACB ლიგის ოფიციალურ აპლიკაციაზე 27 აპრილიდან აძლევენ. ტიტულის მისაღებად კანდიდატმა ჯამში 4 მთავარ სექტორში უნდა გაიმარჯვოს - ფანებში, ჟურნალისტებში, კალათბურთელებსა და მწვრთნელებში. თითოეულ სექტორს ხმების 25% ეკუთვნის. საბოლოოდ, ჟიური გამოაცხადებს 2020-21 წლების სეზონის MVP Movistar-სა და დაასახელებს სეზონის სიმბოლურ ხუთეულს. ფანებს ხმის მიცემა შეუძლითათ 14 მაისის ჩათვლით. ხმის მიცემა ასე ხდება:

ტვიტერზე - ჰეშთეგით #MVPMovistar პლუს მოთამაშის გვარი, რეტვიტიც ითვლება, თუმცა ხმა რომ ჩაითვალოს ექაუნთი საჯარო უნდა იყოს. ინსტაგრამი ყველა ხმას ჰეშთეგით #MVPMovistar შეაგროვებს mvpmovistar.acb.com-ზე კომენტარების სახით. ლიგის ოფიციალური აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ და შემდეგ მონახოთ MVP-ის სექცია და შეარჩიოთ სასურველი კალათბურთელი. სხვათა შორის, დღეს და 10 მაისს მიცემული ხმები ორმაგდება. ხმის მიცემით შესაძლებელია ოფიციალური Spalding-ის ბურთის მოგებაც. დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება ხმის მიცემა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლენოვო ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ფრანგულ სტრასბურგთან ოვერტაიმში 86:88 წააგო, ქართველი ცენტრი კი მოედანზე ამჯერად ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 35:15 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. ესპანეთის ჩემპიონატში ტენერიფეს 26 მოგების წილ 8 მარცხი მოუგროვდა და მადრიდის რეალისა და ბარსელონას შემდეგ მე-3 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 13 მაისს სარაგოსაში ჩაატარებს. მიმდინარე სეზონში შერმადინის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 34 მატჩი, 23:23 წუთი, 17.2 ქულა, 5.4 მოხსნა, 1.8 პასი, 22.8 სარგებლიანობის კოეფიციენტი.

👉 Giorgi Shermadini se mantiene primero en el ranking para el #MVPMovistar 🔝 ¿Ya has votado por él? 🤩 Recuerda que hoy tu voto vale doble. 🔁 ¡Los retuits también valen! mvpmovistar.acb.com

Posted by Club Baloncesto 1939 Canarias on Friday, May 7, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები