Thumbnail
  • ლეიკერსი 94:118 კლიპერსი
  • თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა

კალიფორნიულ დერბიში ბრძოლა არ შედგა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა თანაქალაქელ კლიპერსს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 94:118 დამარცხდა. თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელშიც კავაი ლეონარდი და მისი თანაგუნდელები თამაშიდან 63%-იანი სიზუსტით ესროდნენ და დიდი შესვენებაზე 23 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მატჩის შედეგი დიდად გასაკვირი არ ყოფილა იმის გათვალისწინებით, რომ ლეიკერსს ისევ აკლდა ლებრონ ჯეიმსი, კიდევ ერთი ლიდერი ენტონი დევისი კი პირველივე ტაიმში დაშავდა. ვარსკვლავური ფორვარდი სხვადასხვა სახის ტრავმებით გამოწვეული 9-კვირიანი პაუზის შემდეგ მე-8 მატჩს ატარებდა, თუმცა, ამჯერად, ზურგის დაზიანება მიიღო.

ლეიკერსის სამედიცინო შტაბმა შესვენების შემდეგ დევისის მოედანზე დაბრუნება დაუშვებლად მიიჩნია, საწყის ნახევარში კი მან 9 წუთში 4 ქულის ჩაგდება მოასწრო. ამ ფონზე ნომინალური მასპინძლების რიგებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ კაილ კუზმა (25) და მონტრეზლ ჰარელი (14) ასცდნენ, კლიპერსის რიგებში კი ასეთი შედეგი ერთბაშად 7 კალათბურთელს ჰქონდა. საუკეთესონი პოლ ჯორჯი (24), ლეონარდი (15) და ივიცა ზუბაცი (14) იყვნენ.

კლიპერსი 45 მოგებითა და 22 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს, აი, ლეიკერსს კი, რომელიც 37 გამარჯვებითა და 29 წაგებით მეექვსეა, ამ პოზიციის შესანარჩუნებლად, პორტლენდთან დიდი ბრძოლა მოუწევს. ლოს ანჟელესელებს მომდევნო მატჩი 8 მაისს სწორედ ტრეილ ბლეიზერსთან ელით, თუმცა, პრინციპული შეხვედრის ჩატარება კვლავაც ლებრონის გარეშე მოუწევთ.

მოსალოდნელია, რომ 36 წლის ჯეიმსი მოედანზე გასვლას მხოლოდ 12 ან 13 მაისს შესძლებს, როდესაც ლეიკერსი, შესაბამისად, ნიუ იორკ ნიქსსა და ჰიუსტონ როკეტსს ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ “მეფე ლებრონი” ხანგრძლივი პაუზის (20 მატჩი გამოტოვა) შემდეგ, საქმეში 1 მაისს საკრამენტოსთან შეხვედრაში ვიხილეთ, როდესაც მან 16 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, 3 მაისს კი, მორიგი ტრავმა მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები