Thumbnail

'გამოჩნდა, რა შეგვიძლია რეალურად' - აზაცკი დინამო ბათუმის თამაშსა და გეგმებზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატში 11 ტურია ჩატარებული და დინამო ბათუმს მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული, რაც საუკეთესო შედეგია. ბათუმელებს გატანილი გოლების მხრივაც საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ (20), თუმცა ეს შედეგი მეტწილად წინა ტურში, ქობულეთის შუქურასთან დაფიქსირებული არასაფეხბურთო ანგარიშის (8:1) დამსახურებაა. დაცვის ხაზი კი ბათუმურ კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან სტაბილურია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინელ მცველ ოლეკსანდრ აზაცკის, რომელიც სწრაფად იქცა დინამო ბათუმის გამორჩეულ ფიგურად. 28 წლის აზაცკი მამუკა კობახიძესთან ერთად ეროვნულ ლიგაში დაცვის ყველაზე საიმედო ცენტრს ქმნის.

ტურის, წრის და შესაძლოა სეზონის მთავარი მატჩის წინ, რომელშიც გია გეგუჩაძის გუნდი შაბათს მოქმედ ჩემპიონ დინამო თბილისს დაუპირისპირდება, პოპსპორტი ოლეკსანდრ აზაცკის გაესაუბრა.

უკრაინელთან საუბარი განვლილი 11 ტურის შეფასებით დავიწყეთ. აზაცკი დინამო ბათუმის წინა მატჩებს დადებითაც აფასებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ გუნდს მეტი შეუძლია. "ამ დროისთვის შეიძლება ყველაფერი დამაკმაყოფილებლად შეფასდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ადგილით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, უფრო უკეთესად თამაში შეგვიძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა დავკარგოთ ქულებით ისეთ თამაშებში, რომლებიც აუცილებლად მოსაგებია," - ამბობს აზაცკი.

მისი აზრით, შუქურასთან 8:1 მოგებულ შეხვედრაში მთავარი არა ანგარიში და 8 გატანილი გოლი, არამედ გუნდის განწყობა და მოტივაცია იყო. აზაცკი დარწმუნებულია, რომ თუ ბათუმელები იმ დამოკიდებულებას შეინარჩუნებენ, რაც დერბიში ჰქონდათ, ყველაფერი იდეალურად იქნება: "შუქურასთან მატჩში გუნდმა თავისი პოტენციალი აჩვენა. გამოჩნდა, რა შეგვიძლია რეალურად. შესაძლოა, ამაზე გავლენა ტორპედოსთან ფრემაც მოახდინა, მაგრამ თუ ყველა მატჩში ამ დამოკიდებულებით გავალთ, ყველაფერი იმაზე გაცილებით უკეთესად იქნება, ვიდრე პირველ წრეში იყო," - აცხადებს ბათუმელთა მცველი.

ოლეკსანდრ აზაცკი და ბათუმელები დინამო თბილისთან მატჩისთვის ემზადებიან

შუქურასთან 8:1 უკვე წარსულია, აჭარულ კლუბს შაბათს ლიდერ დინამო თბილისთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება. ბოლო წლებში თბილისისა და ბათუმის დინამოების დაპირისპირება საქართველოში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. აზაცკი ამბობს, რომ გუნდი ისე ემზადება, როგორც სხვა მატჩების წინ: "დინამო თბილისთან მატჩისთვის ისე ვემზადებით, როგორც ნებისმიერი სხვა მეტოქესთან სათამაშოდ, ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. თუმცა, ცხადია, ამ მატჩს ამაღლებული განწყობით ვხვდებით და მაქსიმალური კონცენტრაციით ვუდგებით."

სიმბოლურია, რომ დინამო ბათუმი მშობლიურ ქალაქში ამ მატჩის წინ დაბრუნდა და თბილისურ გუნდს ახალ სტადიონზე უმასპინძლებს, რომელსაც გულშემატკივრები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან, მაგრამ ესეც დიდი საქმეა. ინტერესი იმდენად დიდია, რომ 6 200 ბილეთი 6 საათში გაიყიდა - ეს ზუსტად ის რაოდენობაა, რომლის დაშვება ნებადართულია.

ოლეკსანდრ აზაცკი და გიორგი ფანცულაია

"მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, სადაც გუნდისთვის ყველა პირობაა შექმნილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მახსოვს და ვიცი, როგორ შეუძლიათ დინამო ბათუმის ფანებს გუნდის მხარდაჭერა. გუნდში მუდმივად ვსაუბრობთ აქაურ ატმოსფეროზე და მართლაც დიდი ხანია, ამას ველოდებით. ძალიან მინდა, შევიგრძნო საკუთარ კედლებში თამაში და დინამოსთან მატჩს მოუთმენლად ველოდები. ბათუმში აქამდე ერთხელ ვიყავი და შთაბეჭდილებები არ შემიცვლია, აქ ყოფნა ძალიან მომწონს," - ამბობს ფანებისა და ქალაქის შესახებ 28 წლის უკრაინელი ფეხბურთელი.

აზაცკის საქართველოში თამაშის გამოცდილება დინამო ბათუმამდეც ჰქონდა, მაგრამ გია გეგუჩაძესთან მუშაობა პირველად უწევს. ის ფიქრობს, რომ მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა: "თითოეულ მწვრთნელს აქვს საკუთარი სტილი, საკუთარი საფეხბურთო "ჩვევები". მომწონს ის, რომ ყველა ვარჯიშზე, თეორიულ სწავლებაზე არსებობს იდეა, რომლის გადატანას თამაშში ვცდილობთ."

როგორც იცით, უკრაინელი 2018-2019 წლებში ქუთაისის ტორპედოს დაცვის ლიდერი იყო. მას იმ პერიოდისა და დღევანდელი ჩემპიონატის შესახებაც ვკითხეთ. აზაცკი: "პროგრესი აშკარად ჩანს - როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურ დონეზე. გამოკვეთილი ფავორიტები და აუტსაიდერები არსებობენ, მაგრამ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს შეუძლიათ, ლიდერებთან ქულები მოიპოვონ და ეს არა შემთხვევით, არამედ საკუთარი ძალებით."

უკრაინელმა მცველმა 11 თამაში შეუცვლელად ჩაატარა

ოლეკსანდრი, რომელსაც საქართველოს გარდა უკრაინასა და ჩეხეთში უთამაშია, ეროვნული ლიგის ფორვარდებიდან ყოფილ თანაგუნდელს, თორნიკე კაპანაძეს გამოარჩევს, რომელიც ახლა გორის დილაშია. აზაცკი: "სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ერთის დასახელება ძნელია, რადგან აქ მართლაც რამდენიმე კარგი ცენტრფორვარდი თამაშობს. ჩემთვის უფრო ადვილია ფიზიკურად ძლიერ და შედარებით ნელ თავდამსხმელებთან თამაში, არ მიყვარს პატარა და სწრაფი ფორვარდების წინააღმდეგ დაპირისპირება." 

უკრაინელი ლეგიონერი დინამო ბათუმის ქომაგებს პირდება, რომ ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ მათ გასახარებლად და ჩემპიონობის მოსაპოვებლად: "ბედნიერი ვარ, რომ ახლა დინამო ბათუმში ვთამაშობ და ვეცდები, მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. გუნდს ლიდერობის ამბიციები აქვს და ძალიან მინდა, წელს ჩემპიონობაში დავეხმარო. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ყველა თამაშში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. გულშემატკივრებს ტრიბუნებზე ველოდებით, რადგან მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება."

მიმდინარე სეზონში ოლეკსანდრ აზაცკიმ დინამო ბათუმის მაისურით საქართველოს ჩემპიონატის თერთმეტივა მატჩში შეუცვლელად ითამაშა. გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეს მისი პირდაპირი მოვალეობა არც არის. რაც მთავარია, დაცვის ცენტრში თამაშობს უნაკლოდ.

კომენტარები

ბოლო ამბები