Thumbnail

ინდიანა პეისერსის 21 წლის ცენტრი გოგა ბითაძე მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან კონფლიქტის გამო მხოლოდ ფულადი ჯარიმით დაისაჯა, გრეგ ფოსტერს კი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინციდენტში ქართველი კალათბურთელის როლი ნაკლებად იქნა მიჩნეული.

აღნიშნულ ინფორმაციას NBA-ს ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ ბითაძე ისევ იქნება მოედანზე ინდიანას მომდევნო შეხვედრაში, რომელიც პლეი ოფისთვის მებროლ გუნდს 7 მაისს ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ელის. როგორც ირკვევა, ბითაძესა და ფოსტერს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, ინციდენტის მიზეზი კი ზოგადად გუნდში არსებული არაჯანსაღი ვითარება გახდა.

შეგახსენებთ, რომ უსიამოვნო ამბავი საკრამენტოსთან დღეს დილას ჩატარებული მატჩის მე-3 მეოთხედში მოხდა. კინგის კალათბურთელმა მორის ჰარკლესმა ლიეტუველი დომანტას საბონისი ჩამოიცილა და დანქი შეასრულა. ფოსტერმა ჩათვალა, რომ ამ დროს დაზღვევაზე ბითაძეს უნდა ეთამაშა და შესაბამისი მოძრაობა დააგვიანა. რა ფორმით უსაყვედურა გრეგმა გოგას უცნობია, თუმცა, როგორც სჩანს, მას ეს ძალიან არ ესიამოვნა და როდესაც საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო, მწვრთნელის ასისტენტს შეურაცხმყოფელად მიმართა: "sit the f--k down" (რბილად რომ ვთქვათ, უთხრა, რომ ადგილზე დაგდებულიყო).

რამდენიმე წამში თამაში შეჩერდა და განრისხებული ფოსტერის ტირადაც სწორედ ამას მოჰყვა. ის ქართველ ლეგიონერს უყვიროდა და ცდილობდა, მასთან ახლოს მისულიყო, რისი საშუალებაც გარშემო მყოფებმა არ მისცეს. სათქმელია, რომ ამ დროს ბითაძემ სიმშვიდის შენარჩუნება მოახერხა და კონფლიქტი აღარ გაუმწვავებია, რითაც ალბათ, თავისი შეცდომაც აღიარა.

ინდიანას 30 მოგების წილ 35 მარცხი აქვს და საუკეთესო შემთხვევაში, პლეი ოფში ბოლო მე-8 ადგილით თუ გავა, ეს კი, პირველივე წრეში აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო ფილადელფიასთან (შესაძლოა, ბრუკლინთან ან მილუოკისთან) დაპირისპირებასა და დიდი ალბათობით, მარცხს ნიშნავს. ქართველი ცენტრი ტრავმით გამოწვეული 16-დღიანი პაუზის შემდეგ, მოედანს სწორედ საკრამენტოსთან შეხვედრაში დაუბრუნდა და 21 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები