Thumbnail
  • ბექა ლომთაძე, ოთარ გოგავა და სანდრო ამინაშვილი ოლიმპიადის მიღმა დარჩნენ
  • 8-9 მაისს ტოკიოს საგზურებისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დღეს დაწყებულ ბოლო სალიცენზიო ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ და ხალიჩაზე 3 ქართველი ფალავანიც ვიხილეთ, თუმცა, ნახევარფინალამდე ვერცერთი მივიდა. ვინაიდან ტოკიოს ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ, ეს ნიშნავს, რომ მთავარი მიზანი მიღწეულ ვერ იქნა.

ყველაზე კარგად ბექა ლომთაძემ (65 კგ.) იასპარეზა, თუმცა, კვალიფიკაციაში კანადელ დილონ ვილიამსს 6:4 მოუგო და დამაჯერებლად გამოიყურებოდა მერვედფინალშიც, სადაც რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვი 4:1 დაამარცხა. ქართველ ფალავანს დიდი ბრძოლა გადახდა მეოთხედფინალში, სადაც პოლონეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედმურად გაჯიევთან (ევროპის 2-გზის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი) 1:2 წააგო.

ოთარ გოგავამ (57 კგ.) საკვალიფიკაციო რაუნდში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან 0:4 წააგო, სანდრო ამინაშვილი კი ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ახმედ მაგამაევს დაძაბულ ბრძოლაში გამუკლავდა (6:5), თუმცა, მერვედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვთან შანსი აღარ ჰქონია – 5:14. აღსანიშნავია, რომ ტურნირის რეპეშაჟში გადასვლის შანსი სამივე ქართველ მოჭიდავეს აქვს, თუმცა, ეს, ოლიმპიადის საგზურის მოპოვების კუთხით არაფრის მომცემია.

8-9 მაისს სოფიაშივე ტოკიოს ლიცენზიებისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ. დათო ჩხარტიშვილი (60 კგ.) შეჯიბრში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმება და ძალებს კანადელ ადამ მაკფადენთან მოსინჯავს, ხოლო თუ იმარჯვა, მეოთხედფინალში ან ბულგარელ ივო ანგელოვს შეხვდება, ანაც – ხორვატ ივან ლიზატოვიჩს. შმაგი ბოლქვაძე (77 კგ.) ჩეხ ოლდრიჩ ვარგას გაეჯიბრება, წარმატების შემთხვევაში კი, რუმინელ ილიე კოიოკარისა და სლოვაკ დენის ჰორვატს შორის უმჯობესს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველ მოჭიდავეებს ოლიმპიადის 7 საგზური აქვთ მოპოვებული: გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97 კგ.), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები