Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთი ქვეყნის გუნდებმა 7-ჯერ ითამაშეს
  • ბოლო სამ წელიწადში ასეთი ფაქტი მეორედ დაფიქსირდა
  • გავიხსენოთ, რა ხდებოდა ყველა ასეთ ფინალში

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისური იქნება. მანჩესტერ სიტი ლონდონის ჩელსის სტამბოლის "ათათურქზე" შეხვდება, სადაც ბოლოს ლიგის ფინალი 2005 წელს გაიმართა და მაშინაც ინგლისური კლუბის ტრიუმფი შედგა - გეხსომებათ, ლივერპულმა ეპიკურ ფინალში მილანს მოუგო.

მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველადაა, ზოგადად ევროთასის ფინალში კი 1970 წლის შემდეგ გავიდა და ფეხბურთის ისტორიაში გახდა გუნდი, რომელსაც ორ ევროფინალს შორის ყველაზე დიდი წყვეტა აქვს. ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ ითამაშებს და მეორედ ეცდება მოგებას. ასევე მეორედ, მისი მეტოქე ინგლისური კლუბია. მთლიანობაში, ჩემპიონთა ლიგაში აქამდე 7 შემთხვევა იყო, როდესაც ფინალში ერთი ქვეყნის გუნდები შეხვდნენ.

სამჯერ ესპანური, ორჯერ ინგლისური, თითოჯერ კი იტალიური და გერმანული ფინალები იყო. ამგვარად, 29 მაისს, როცა ფინალი გაიმართება, ინგლისი ესპანეთს გაუთანბრდება. რა მოხდება სტამბოლში, ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა შვიდ ფინალში, როდესაც გუნდები ერთ ქვეყანას წარმოადგენდნენ.

რეალი V ვალენსია [1999/00]

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ, 1999/2000 წლების სეზონში დაფიქსირდა. იმ სეზონში ექტორ რაულ კუპერის ვალენსიას ფინალისტობას თავიდან არავინ ელოდა, მაგრამ "ღამურებმა" შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და საინტერესო მიღწევაც მიითვალეს - ვალენსია გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც სადებიუტო სეზონში ფინალში გავიდა, თუმცა, ჩემპიონობა ვერ მოახერხა. 24 მაისს, პარიზში, რეალმა ვალენსიას ფერნანდო მორიენტესის, სტივ მაკმანამანისა და რაულის გოლებით იოლად აჯობა - 3:0.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის იმ სეზონში ვალენსიამ რეალს მადრიდში 3:2 მოუგო, "მესტალიაზე" კი ფრე დაფიქსირდა (1:1). იმავე ლა ლიგაში ვალენსია მე-3 ადგილზე გავიდა, რეალი მეხუთეზე, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი გაცილებით დამაჯერებელი იყო. სხვათა შორის, რეალმა 2000/2001 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მხოლოდ იმიტომ მოიპოვა, რომ წინა სეზონის ჩემპიონი გახდა, თორემ ლა ლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მეოთხეადგილოსან სარაგოსას ერგო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ვინაიდან რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა, არაგონელებს მხოლოდ უეფას თასზე თამაში მოუწიათ.

იუვენტუსი V მილანი [2002/03]

ესპანეთის შემდეგ იტალია გახდა მეორე ქვეყანა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი წარმომადგენელი ჰყავდა. 2002/03 წლების სეზონში იუვენტუსმა და მილანმა ფინალამდე ყველას აჯობეს და მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდზე" აპენინური ფეხბურთი გაჩაღდა, რომელიც ძალიან დაძაბული, მაგრამ არცთუ სანახაობრივი გამოდგა. ამ თამაშში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჯანლუიჯი ბუფონის საოცარი სეივი პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის დებიუტში ანტონიო კონტეს მიერ შეზანზარებული ხარიხა. 120 წუთისთვის ეს ყველაფერი მეტისმეტად ცოტა გახლდათ. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ბუფონმა ორჯერ მოიგერია, მათ შორის, კახა კალაძის დარტყმა, მაგრამ ტურინელებმა 3 დარტყმა გააცუდეს და იმ დროისთვის ზედიზედ მესამე ფინალი წააგეს.

სერია A-ს მაშინდელი სეზონი იუვენტუსისთვის უფრო წარმატებული იყო, სკუდეტო დამაჯერებლად მოიგო, ხოლო მილანმა მეორე წრე ძალიან ცუდად ჩაატარა და ზამთრის ჩემპიონობის მიუხედავად, საბოლოოდ მე-3 ადგილზე ისე გავიდა, რომ 'სკუდეტოსთვის' პრაქტიკულად არ უბრძოლია. იუვემ მილანს ტურინში 2:1 მოუგო, "სან სიროზე" ამავე ანგარიშით მასპინძლებმა იმარჯვეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. პაველ ნედვედის არყოფნა, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მარჩელო ლიპის გუნდს ძალიან დაეტყო და გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ზუსტად სამ თვეში ეს გუნდები იტალიის სუპერთასზე შეხვდნენ და იქ პენალტების სერიაში იუვემ მოიგო, თან ისე, რომ ტურინელებმა ყველა პენალტი გაიტანეს.

იუნაიტედი V ჩელსი [2007/08]

ესპანეთისა და იტალიის შემდეგ ინგლისური ფინალის ჯერი დადგა. ეს 2007/2008 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი დაუპირისპირდნენ. თუ სერ ალექს ფერგიუსონის იუნაიტედისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალი უცხო არ იყო, ჩელსიმ ისტორიაში პირველად ითამაშა გადამწყვეტ შეხვედრაში. კრიშტიანო რონალდოს გოლს ფრენკ ლამპარდმა უპასუხა და შეხვედრის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში რონალდოს ედვინ ვან დერ სარმა აჯობა და ყველაფერი ჯონ ტერის ხელში იყო. ჩელსის კაპიტანს რომ გაეტანა, ავრაამ გრანტის გუნდი ჩემპიონთა ლიგას იგებდა, მაგრამ მოსკოვში საშინლად წვიმდა, ტერის დარტყმის წინ ფეხი დაუცდა და... ბურთი კარს ასცდა! პენალტების სერია გაგრძელდა და საბოლოოდ, მანჩესტერმა მოიგო, ჩელსის და ტერის კი ის წამი ალბათ არასდროს დაავიწყდებათ.

ეს გუნდები იმ სეზონში პრემიერლიგაშიც მთავარი კონკურენტები იყვნენ. საბოლოოდ, გამარჯვება აქაც ფერგიუსონს ბიჭებს დარჩათ, რომლებმაც 2 ქულით გაასწრეს მეტოქეს და ჩემპიონობა იზეიმეს. მანჩესტერმა შინ 2:0 მოიგო პრემიერლიგის ეგიდით, ხოლო ლონდონში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს.

ბაიერნი V დორტმუნდი [2012/13]

სიმბოლურია, რომ ესპანეთის, იტალიის და ინგლისის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიდევ ერთმა დიდმა ევროპულმა ქვეყანამ შეავსო - გერმანიამ. ეს 2012/2013 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ბევრი 'ელ კლასიკოზე' ოცნებობდა, მაგრამ ნახევარფინალში დორტმუნდმა რეალს, ბაიერნმა კი ბარსელონას მოუგო.

ფინალი დრამატული გამოდგა და იუპ ჰაინკესის ბაიერნმა იურგენ კლოპის დორტმუნდი 2:1 დაამარცხა. მარიო მანჯუკიჩის გოლი ილქაი გიუნდოგანმა მალე გაქვითა, მაგრამ 89-ე წუთზე არიენ რობენი მცველებს შორის გაიჭრა და "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგა 12-წლიანი პაუზის მერე მოაგებინა. ზოგადად, იმ სეზონში მიუნხენელები უნაკლოს თამაშობდნენ და ბუნდესლიგაში დორტმუნდს 25-ქულიანი(!) უპირატესობით აჯობეს. ბუნდესლიგურ დუელებს რაც შეეხება: ორივე მატჩი 1:1 დასრულდა, მაგრამ სამაგიეროდ, გერმანიის თასზე ბაიერნმა 1:0, ხოლო გერმანიის სუპერთასზე 2:1 მოიგო.

რეალი V ატლეტიკო [2013/14]

გერმანული ფინალიდან ზუსტად ერთ წელიწადში, ანუ მომდევნო სეზონშივე, უკვე ესპანური ფინალის ჯერი დადგა. უფრო მეტიც, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ფინალში ერთმანეთს ერთი ქალაქის გუნდები დაუპირისპირდნენ - მადრიდის ატლეტიკო და რეალი.

ლისაბონში დიეგო სიმეონეს ატლეტიკო ძალიან ახლოს იყო ისტორიის დაწერასთან და დიეგო გოდინის პირველივე ტაიმში გატანილი გოლით 93-ე წუთამდე იგებდა. ყველას ყველაფერი დასრულებული რომ ეგონა, ზუსტად მაშინ სერხიო რამოსმა "სამეფო კლუბი" 1981 წლის შემდეგ პირველი ფინალის წაგებისგან იხსნა. ესპანელმა მცველმა თავით გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც მანამდე საათივით მომუშავე ატლეტიკო დემორალიზებული იყო და დამატებითი დროის ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაუშვა.

"როხიბლნაკომ" თავის დამშვიდება იმ სეზონში ესპანეთის ჩემპიონობით მოახერხა, ხოლო რეალი მესამე ადგილზე გავიდა და 3 ქულით ჩამორჩა სიმეონეს გუნდს. ლა ლიგის 2013/2014 წლების სეზონში ატლეტიკომ რეალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუგო (1:0), ხოლო "ვისენტე კალდერონზე" ფრე დაფიქსირდა (2:2). ეს გუნდები მაშინ ესპანეთის თასის ნახევარფინალშიც შეხვდნენ და იქ რეალის უპირატესობა აშკარა იყო - 3:0, 2:0.

რეალი V ატლეტიკო [2015/16]

გავიდა ორი წელი და ფინალში ისევ მადრიდული დერბი შედგა - ამჯერად მილანში. ატლეტიკომ ისევ დიდი წინააღმდეგობა გაუწია რეალს. ანგარიში დასაწყისშივე გაიხსნა - ისევ სერხიო რამოსმა გაიტანა! მეორე ტაიმში ანტუან გრიზმანმა პენალტი ვერ შეაგდო, მაგრამ 79-ე წუთზე იანიკ-ფერეირა კარასკომ გაათანაბრა და როგორც ორი წლის წინ, ამჯერადაც დამატებითი დრო დაინიშნა. თუმცა, სიმეონეს გუნდს დამატებით 30 წუთში არაფერი დაუთმია და "სან სიროზე" ჩემპიონის ბედი პენალტების სერიამ გაარკვია. ზინედინ ზიდანის გუნდიდან ხუთივე ფეხბურთელი უშეცდომო იყო, ხოლო ხუანფრანს ნერვებმა უმტყუნა. "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა ისევ მოიგო და ეს იყო ზინედინ ზიდანის პირველი სამწვრთნელო ტრიუმფი.

სიმეონეს გუნდი იმ სეზონში ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ 88 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და რეალს ორი ქულით ჩამორჩა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონი ბარსელონა გახდა. სხვათა შორის, ლა ლიგაში ამჯერადაც "როხიბლნაკო" უკეთესი იყო: სტუმრად 1:0 დაამარცხა რეალი, ხოლო მანამდე პირველ წრეში ფრე 1:1 დაფიქსირდა.

ლივერპული V ტოტენჰემი [2018/19]

ორი წლის წინაც ინგლისური ფინალის მომსწრენი გავხდით. მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", ტიტულისთვის ლივერპული და ლონდონის ტოტენჰემი დაუპირისპირდნენ. იურგენ კლოპის გუნდს წინა სეზონში ჰქონდა ფინალი წაგებული (რეალთან) და ამიტომ, სურვილის დაკმაყოფილება ამჯერად მაინც სურდა, ხოლო ტოტენჰემი ისტორიაში პირველად მივიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. თუმცა, ფავორიტებად "წითლები" მიიჩნეოდნენ და საკმაოდ მოსაწყენი ფინალი კლოპის გუნდმა მოჰამედ სალაჰის და დივოკ ორიჯის გოლებით 2:0 მოიგო.

პრემიერლიგის მაშინდელ სეზონში ლივერპული 97 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ლონდონელებმა 71 ქულა დააგროვეს, ქულით აჯობეს არსენალს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. ლივერპულმა პრემიერლიგაში ორჯერვე მოუგო ტოტენჰემს, ერთნაირი ანგარიშით - 2:1.


ახლა კი ისტორიაში მესამე ინგლისური ფინალი შედგება. ჩელსი მესამედაა ამ ეტაპზე და 2012 წლის შემდეგ პირველად იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ხოლო მანჩესტერ სიტის ისტორიაში ეს პირველად მოხდება. ეს გუნდები ბოლოს 17 აპრილს ინგლისის ასოციაციის თასის 1/2-ფინალში შეხვდნენ და ჩელსიმ ჰაკიმ ზიეჩის გოლით მოიგო, შესაბამისად, ფინალში გავიდა. მანამდე, 3 იანვარს, პრემიერლიგურ დუელში მანჩესტერ სიტიმ ლონდონში 3:1 გაიმარჯვა. რაც ყველაზე საინტერესოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, ისინი რეპეტიციას გაივლიან და 8 მაისს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ეტიჰად სთედიუმზე" შეხვდებიან.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები