Thumbnail
  • ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალში რუს ძიუდოისტთან წააგო
  • ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე გრანდ სლემზე ნახევარფინალში დამარცხდა და საღამოს სესიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ტატალაშვილმა საწყის რაუნდში ფილიპინელ კეისეი ნაკანოს ვაზარი აართვა, შემდეგ კი, მეტოქეს 3 შიდო აჰკიდა და საქმე ვადაზე ადრე მოუთავა. ნუგზარმა წმინდად აჯობა აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვსაც, მეოთხედფინალში კი რუმინელი ალექსანდრუ რაიკუს წინააღმდეგობა დამატებით დროში კვლავაც მე-3 გაფრთხილების ხარჯზე გატეხა. აი, ნახევარფინალში კი ტატალაშვილი რუსმა აიუბ ხაჟალიევმა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და ახლა, ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის ბელარუს ვაძიმ შოკას გაეჯიბრება. ფინალური სესია სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილქ უნივერსალი” გეგმავს.

ამავე წონაში ლუკა კაპანაძემ ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან ვაზარი გაუშვა და მისი გაქვითვა ვეღარ მოახერხა, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი ვლადიმერ ახალკაცმა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტსა და წლევანდელი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონ სამი ჩუჩისთან (ბელგია) იპონით წააგო. შეგახსენებთ, რომ ყაზანის გრანდ სლემის პირველ დღეს ტურნირის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) გახდა, ხვალ კი, პრიზიორები დასკვნით სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან და ტატამიზე კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი გავა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში იმედა გოგოლაძე ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადის გაეჯიბრება და თუკი იმარჯვა, მე-2 წრეში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და ევროპის ჩემპიონატების ორგზის (2018, 2020) ვერცხლის მედალოსან ნემანია მაიდოვს (სერბეთი) შეხვდება. ამავე წონაში ლუკა მაისურაძე ძალებს სენეგალელ აბდერაჰმან დიაოსთან მოსინჯავს და წარმატების შემთხვევაში მასაც სახელოვანი მეტოქე ელის: 2010 წლის ევროპის ჩემპიონი, წლეულს კი, თბილისისა და ანტალიის გრან სლემების გამარჯვებული მარკუს ნიმანი (შვედეთი). 100 კგ-ში ონისე სანებლიძე საწყის რაუნდში ქუვეითის წარმომადგენელ აბდულა ტალებს დაუპირისპირდება და ცხადია, აშკარა ფავორიტია. მძიმე წონაში (+100 კგ.) ტურნირში სამხრეთკორეელ ჯაეგუ იუნთან პაექრობით ჩაებმება საბა ინანეიშვილი და თუკი იმარჯვა, მერვედფინალში ბელარუსი ალიაკსანდრ ვახავიაკი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები