Thumbnail

'ემოციებმა იფეთქა, ორივეს უნდა დაველაპარაკო' - დასჯიან თუ არა გოგა ბითაძეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინდიანა პეისერსში რომ ყველაფერი რიგზე არაა, კიდევ ერთხელ დღეს დილით გამოჩნდა, როდესაც საკრამენტო კინგსთან მატჩის მე-3 მეოთხედში ერთმანეთს გოგა ბითაძე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გრეგ ფოსტერი დაუპირისპირდნენ და ეს უკანასკნელი თანაგუნდელებს რომ არ გაერიდებინათ, შესაძლოა, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულიყო. აღნიშნულის თაობაზე მთავარ მოქმედ პირებს არ უსაუბრიათ, სამაგიეროდ, კომენტარი პეისერსის მთავარ მწვრთნელ ნეიტ ბიორკგრენს სთხოვეს:

“ცხადია, მომხდარმა ყველაზე ცუდად იმოქმედა. გუნდს მძიმე სეზონი აქვს და ასეთი რამეები ამის გამოძახილია. ინციდენტის შესახებ უკვე ორივეს ვესაუბრე და კიდევ ვაპირებ დამატებით კომუნიკაციას. მინდა, გავიგო, რა ითქვა და უთანხმოება კონკრეტულად რომელმა ქმედებებმა გამოიწვია. მთელი აქცენტის ამაზე გადატანა არ შეიძლება, წინ უნდა ვიმოძრაოთ. ერთი ვიცი, რომ გუნდისთვის ორივეს სარგებლის მოტანა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. უბრალოდ, ახლა ემოციებმა იფეთქა.” - განაცხადა ინდიანას დამრიგებელმა.

სავარაუდოა, რომ ბიორკგრენი ინციდენტის დამატებით დეტალებს გაარკვევს, ამ დროისთვის კი შემდეგია ცნობილი: მე-3 მეოთხედში საკრამენტოელმა მორის ჰარკლესმა დომანტას საბონისი ჩამოიცილა და დანქი შეასრულა. ფოსტერმა ჩათვალა, რომ ამ დროს დაზღვევაზე ბითაძეს უნდა ეთამაშა, თუმცა შესაბამისი მოძრაობა დააგვიანა. რა ფორმით უსაყვედურა მან გოგას, უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველს ეს ძალიან არ ესიამოვნა და როდესაც საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო, მწვრთნელის ასისტენტს შეურაცხმყოფელად მიმართა "sit the f--k down" (რბილად რომ ვთქვათ, უთხრა, რომ ადგილზე დაგდებულიყო).

რამდენიმე წამში თამაში შეჩერდა და განრისხებული ფოსტერის ტირადაც სწორედ ამას მოჰყვა. ის ქართველ ლეგიონერს უყვიროდა და ცდილობდა, მასთან ახლოს მისულიყო, რისი საშუალებაც გარშემო მყოფებმა არ მისცეს. სათქმელია, რომ ამ დროს ბითაძემ სიმშვიდის შენარჩუნება მოახერხა და კონფლიქტი აღარ გაუმწვავებია, რითაც ალბათ, თავისი შეცდომაც აღიარა.


ამ ეპიზოდის დროს საინტერესო სხვა რამეც იყო და ეს ამერიკულ მედიასაც არ გამორჩენია. პირველ რიგში, უჩვეულოდ წყნარად გახლდათ ხსენებული ბიორკგრენი, რომელიც ბითაძეს აღელვების გარეშე გაესაუბრა და მასთან საერთო ენაც გამონახა. მეორეც, აშკარად ჩანდა, რომ ინდიანას სხვა კალათბურთელები სწორედ გოგას მხარეს იყვნენ და მის გამხნევებას ცდილობდნენ (მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი განსაკუთრებით აქტიურობდნენ), ჯერემი ლემბი კი საერთოდაც ფოსტერის წინ დადგა და მათ რამდენიმე უსიამოვნო ფრაზა გაცვალეს. ფოსტერს მალკოლმ ბროგდონიც გადაუდგა და რაღაც მანაც უთხრა.

Bleacherreport წერს, რომ ყველაფრის თავი და თავი ინდიანაში არსებული არაჯანსაღი ვითარებაა. სამწვრთნელო შტაბის ხისტი მიდგომები არაერთი კალათბურთელის უკმაყოფილებას იწვევს და გასაკვირი არაა, რომ ეს შედეგებზეც აისახება. ინდიანას 30 მოგება და 35 მარცხი აქვს - საუკეთესო შემთხვევაში, პლეი ოფში ბოლო მე-8 ადგილით თუ გავა, ეს კი, პირველივე წრეში აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო ფილადელფიასთან (შესაძლოა, ბრუკლინთან ან მილუოკისთან) დაპირისპირებასა და დიდი ალბათობით, მარცხს ნიშნავს. 

პეისერსს მომდევნო მატჩი 7 მაისს ატლანტა ჰოუქსთან ელის და ცხადია, საინტერესოა, მომხდარი ამბავი ბითაძის სათამაშო დროზე როგორ აისახება. მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველი ცენტრი ტრავმით გამოწვეული 16-დღიანი პაუზის შემდეგ, მოედანს სწორედ საკრამენტოსთან შეხვედრაში დაუბრუნდა და 21 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ კვლავაც დაშავებულია პეისერსის სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი, გუნდისთვის ბითაძის მოედანზე ყოფნა ძალიან საჭიროა. ამ ფონზე, ინდიანაში გოგას რაიმე სახით დასჯას გადაწყვეტენ თუ – არა, უახლოეს დროში გამოჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები