Thumbnail
  • უეფა დათმობაზე არ მიდის და კლუბების დასჯას აპირებს
  • იუვენტუსი, მილანი, რეალი და ბარსელონა საფრთხის წინაშე არიან

უეფა ევროპის სუპერლიგის მხარდამჭერ კლუბებს სანქციებით ისევ ემუქრება! ESPN იტყობინება, რომ რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი და მილანი შესაძლოა, ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთონ.

უეფამ ბოლო დღეებში მოლაპარაკებები გამართა ყველა კლუბთან, რომლებიც თავის დროზე სუპერლიგის პროექტს შეუერთდნენ და მხოლოდ ეს 4 კლუბია, რომლებსაც სუპერლიგის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ და უეფასაც ეს ცნობა არ დაუდასტურეს. ამიტომაც, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების ხელმძღვანელი ალეკსანდერ ჩეფერინი მკაცრ სანქციაზე ფიქრობს, რაც ევროთასებიდან მათ 2-წლიან დისკვალიფიკაციას გულისხმობს.

ევროპის სუპერლიგის პროექტს საბოლოოდ ზურგი აქციეს მანჩესტერ სიტიმ, ჩელსიმ, მანჩესტერ იუნაიტედმა, არსენალმა, ლივერპულმა, ტოტენჰემმა და მადრიდის ატლეტიკომ. ამგვარად, ისინი საფრთხის წინაშე აღარ არიან. უეფა მილანის ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, იტალური გუნდიც დაადასტურებს, რომ ევროპის სუპერლიგის იდეა შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის დაფინანსებით ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ კლუბებს საკუთარი სუპერლიგის შექმნა სურდათ და იურიდიულად შექმნეს კიდეც. უეფას, ფანების, მოთამაშეებისა და მედიის პროტესტის შემდეგ კი სუპერლიგაზე თითქმის ყველა გუნდმა უარი თქვა - დარჩნენ მხოლოდ რეალი, ბარსელონა, მილანი და იუვენტუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები