Thumbnail
  • სოფიაში დაგეგმილ შეჯიბრში მონაწილეობას 5 ქართველი ფალავანი მიიღებს
  • ამ დროისთვის, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს 7 ლიცენზია აქვს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ხვალ აიღებს სტარტს და 9 მაისამდე გასტანს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასკვნითი სალიცენზიო ტურნირი ჭიდაობაში, სადაც მიზნის მიღწევას ქართველი ფალავნებიც ეცდებიან. თავიდანვე ვთქვათ, რომ საგზურებს შეჯიბრის ფინალისტები მიიღებენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე, 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლაში ურთულესი მეტოქე ერგო ოთარ გოგავას. ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილს დაუპირისპირდება, რომელსაც ჯერ კიდევ 2013 წელს ევროპირველობა საქართველოს სახელით აქვს მოგებული, 2017 და 2018 წლებში კი ევროპული ოქრო უკვე ახალი ქვეყნისთვის მოიპოვა. თუკი გოგავამ მოიგო, მერვედფინალში მოლდოველ ანატოლი ბურუიანსა და პაკისტანელ მუჰამად ბილალს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ბექა ლომთაძე (65 კგ.), რომელმაც კოვიდ-ინფიცირებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეცვალა, კვალიფიკაციაში კანადელ დილონ ვილიამსს გაეჯიბრება და თუ წარმატებას მიაღწია, მერვედფინალში დომინიკელი ალბარო კამაჩოსა და რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს დაელოდება. 86 კგ-მდე წონით კატეგიორიაში სანდრო ამინაშვილის პირისპირ ბულგარეთის წარმომადგენელი ახმედ მაგამაევი დადგება, მისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვსა და ებრაელ ური კალაშნიკოვს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ბერძენ-რომაელთა შეჯიბრში დათო ჩხარტიშვილი (60 კგ.) პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმება და ძალებს კანადელ ადამ მაკფადენთან მოსინჯავს, ხოლო თუ იმარჯვა, მეოთხედფინალში ან ბულგარელ ივო ანგელოვს შეხვდება, ანაც – ხორვატ ივან ლიზატოვიჩს. შმაგი ბოლქვაძე (77 კგ.) ჩეხ ოლდრიჩ ვარგას გაეჯიბრება, წარმატების შემთხვევაში კი, რუმინელ ილიე კოიოკარისა და სლოვაკ დენის ჰორვატს შორის უმჯობესს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველ მოჭიდავეებს ოლიმპიადის 7 საგზური აქვთ მოპოვებული: გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97 კგ.), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები