Thumbnail
  • ნეიტ ბიორკგრენს კალათბურთელებთან და პერსონალთან ურთიერთობა აერია
  • მის ხელში 21 წლის ქართველ ცენტრს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა

ინდიანა პეისერსი, რომლის ღირსებასაც 21 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე იცავს, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩეს. ESPN-ს ცნობით, ნეიტ ბიორკგრენს თანამდებობის დატოვება იმის გამო ემუქრება, რომ ურთიერთობა რამდენიმე კალათბურთელთანა და გუნდის პერსონალის წევრებთან აერია.

როგორც ირკვევა, ამ პრობლემის თაობაზე პეისერსის ხელმძღვანელობისთვისაც ცნობილია. მათ მწვრთნელს რჩევა მისცეს, რომ გუნდში არეული სიტუაცია თავადვე დაელაგებინა, თუმცა, ნეიტს ამ მიზნისკენ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

სავარაუდოა, რომ ბიორკგრენის სავარაუდო წასვლა ცუდი ამბავი ნამდვილად არ უნდა იყოს ბითაძისთვის, რომელიც მის ხელში სათამაშო დროის დეფიციტს განიცდიდა. ბითაძემ მწვრთნელის ნდობა ვერაფრით მოიპოვა და მინიშნებაც არაერთხელ გაუკეთებია, რომ მოედანზე მეტი დროის გატარება სურდა.

ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს თავის გამოჩენის შანსი, წესით, ბოლო კვირებში ექნებოდა, როდესაც ინდიანას ტრავმების გამო მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი გამოაკლდნენ, თუმცა, თავადაც დაშავდა და 20 აპრილს სან ანტონიოსთან მატჩის მერე არ უთამაშია, შესაბამისად, უკვე 7 თამაში გამოტოვა.

45 წლის ბიორკგრენი პეისერსის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ სეზონს ატარებს (პოსტზე გასული წლის ოქტომბერში ნეიტ მაკმილანი შეცვალა), მანამდე კი, 5 სეზონის განმავლობაში ფინიქსისა და ტორონტოში ასისტენტად მუშაობდა. ნეიტს ინდიანასთან 3-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საიდანაც გარანტირებული მხოლოდ 1 სეზონია.

ამ დროისთვის, პეისერსს 30 მოგება და 34 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ბითაძის გუნდი საუკეთესო ექვსეულში ვეღარ მოხვდება, თუმცა, წესით არც მოწინავე 10 გუნდს მიღმა უნდა დარჩეს, ეს კი, ე.წ. “პლეი ინში” თამაშის გარანტიაა.

პეისერსი მომდევნო მატჩს 6 მაისს საკრამენტო კინგსთან ჩაატარებს და ვიხილავთ თუ არა მოედანზე გოგა ბითაძეს, უშუალოდ მატჩის წინ გაირკვევა. ქართველ ლეგიონერს მიმდინარე სეზონში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 11.3 წუთი, 5.1 ქულა, 3.2 მოხსნა, 1.2 დაფარება.

კომენტარები

ბოლო ამბები