Thumbnail

'სიტისთან დომინანტები ვიყავით' - პოჩეტინომ უიღბლობაზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტიმ რიად მაჰრეზის დუბლით პარი სენ-ჟერმენი 2:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პსჟ-მ ზედიზედ მეორედ ვერ შეძლო გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლების მოპოვება. თამაშის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და გარკვეულ მომენტებში არ გაუმართლა.

"ჩვენ ის თამაში ვითამაშეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. ნამდვილად კარგად დავიწყეთ, შევქმენით საგოლე მომენტები და ვდომინირებდით მანჩესტერ სიტისთან. ეს ადვილი არ არის. ბევრ გუნდს არ შეუძლია ისეთი გუნდის წინააღმდეგ დომინანტობა, როგორიც მანჩესტერ სიტია. ზოგჯერ ფეხბურთში იღბალი საჭიროა, გარკვეულ მომენტებში გჭირდება. მათ გაიტანეს სიტუაციიდან, როდესაც მაღალ პრესინგს ვთამაშობდით და გრძელი პასით მოახერხეს გატანა.

მანჩესტერ სიტის უნდა მივულოცო, რადგან ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. 6-7 სეზონის მუშაობის შემდეგ პეპი შედეგს იღებს. ამავე დროს ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით და ჩვენი გუნდით. მბაპეს არყოფნა არ შეიძლება საბაბი იყოს, ჩვენ გუნდი ვართ. რა თქმა უნდა, უიღბლობაა, რომ მზად არ იყო გუნდის დასახმარებლად, მაგრამ ეს საბაბი არ არის", - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინოს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მეტი მატჩი პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ აქვს წაგებული (12). ამავე დროს, გვარდიოლას ყველაზე მეტჯერ გამარჯვება პოჩეტინოსთან აქვს მოპოვებული, შონ დაიჩთან და მანუელ პელეგრინისთან ერთად (12-12 მოგება).

📺 მანჩესტერ სიტი 2:0 პსჟ [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები