Thumbnail

პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში! - მანჩესტერ სიტიმ პსჟ-ს უშანსოდ მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტია! პეპ გვარდიოლას გუნდმა ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენს დამაჯერებლად და დამსახურებულად მოუგო. 

პარიზში 2:1-ის შემდეგ მანჩესტერელებმა "ეტიჰად სთედიუმზეც" სძლიეს ფრანგულ გუნდს. ამჯერადაც მთავარი გმირი რიად მაჰრეზი იყო. ალჟირელმა შემტევმა ანგარიში მატჩის დასაწყიში, მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო მე-2 ნახევარში დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. ორი მატჩის ჯამში სიტიმ 4:1 მოიგო და მაჰრეზის ანგარიშზე 3 გოლია!

რიად მაჰრეზმა ნახევარფინალის ორივე მატჩში გადამწყვეტი სიტყვა თქვა

პსჟ-მ ისე წააგო, რომ კარის ჩარჩოში არც დაურტყამს და ლოგიკურია, რომ ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. მანჩესტერ სიტიმ კი, როგორც იქნა, ჯადოსნური წრე გაარღვია და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩს უბრუნდება პეპ გვარდიოლაც, რომელიც ფინალში ბოლოს ზუსტად 10 წლის წინ, ბარსელონასთან ერთად იყო. მანჩესტერ სიტი სტამბოლის ბილეთი უკვე ჯიბეში აქვს და შეუძლია მშვიდად დაელოდოს მეორე ნახევარფინალური მატჩს, რომელიც ლონდონის ჩელსისა და მადრიდის რეალს შორის გაიმართება.

საინტერესო ფაქტები

⚽  რიად მაჰრეზი სადიო მანეს (2017/18) შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისური კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორივე მატჩში გოლი გაიტანა.

⚽  ფილ ფოდენი პრემიერლიგის მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე როგორც გოლების (14), ისე საგოლე პასების (10) მხრივ ორნიშნა რაოდენობას მიაღწია. სიტიში კი ამ სეზონში მსგავსი შედეგი არავის აქვს.

⚽  რიად მაჰრეზმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში 6 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 2 ასისტი).

⚽  მანჩესტერ სიტი პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 7 თამაში მოიგო.

⚽  მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში პირველად გავიდა. ზოგადად, ევროტურნირის ფინალში კი 51-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და ისტორიაში ამაზე დიდი სხვაობა ორ ფინალს შორის არცერთ გუნდს არ ჰქონია. სიტიმ სპორტინგის 41-წლიანი დისტანცია გააუმჯობესა (1964-2005).

⚽  პსჟ მესამე გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ნახევარფინალის ორივე მატჩში წითელი ბარათი მიიღო. მანამდე, იგივე დაემართა დეპორტივოს 2004 წელს პორტუსთან და ლიონს 2010 წელს მიუნხენის ბაიერნთან.

⚽ მანჩესტერ სიტი 42-ე კლუბი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში გავიდა.

⚽ მანჩესტერ სიტი მე-9 ინგლისური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში გავიდა. შემდეგ მოდიან გერმანია და იტალია 6-6 გუნდით.

⚽ ფერნანდინიო (36 წლის) გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თამაში დაბადების დღეზე მოიგო გერმანელ ულფ კირსტენთან ერთად (2001 წლის დეკემბერში, ლევერკუზენის მაისურით).

⚽ მაურისიო პოჩეტინომ პეპ გვარდიოლასთან მე-12 თამაში წააგო, რაც არგენტინელისთვის ყველაზე ცუდი შედეგია. მეორეს მხრივ, გვარდიოლასთვის ყველაზე კარგი შედეგია და 12-ჯერ მას პოჩეტინოს გარდა, მხოლოდ მანუელ პელეგრინი და შონ დაიჩი ჰყავს დამარცხებული.

⚽ მანჩესტერ სიტი პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის/თასის ერთ სეზონში 11 თამაში მოიგო.

მანჩესტერ სიტი 2:0 პარი სენ-ჟერმენი

გოლები: 1:0 მაჰრეზი (11), 2:0 მაჰრეზი (63)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, ზინჩენკო - ბერნარდო სილვა (82. სტერლინგი), ფერნანდინიო, გიუნდოგანი - მაჰრეზი, დე ბრუინი (82. გაბრიელ ჟეზუში), ფოდენი (85. აგუერო)

პარი სენ ჟერმენი (4-2-3-1): ნავასი - ფლორენცი (75, დაგბა), მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო (82. ბაკერი) - ერერა (62. დრაქსლერი), პარედესი (75. დანილო) - დი მარია, ვერატი, ნეიმარი - იკარდი (62. კინი)

კომენტარები

ბოლო ამბები