Thumbnail
  • დასამახსოვრებელი შეცვლები ფეხბურთის ისტორიიდან
  • შეცვლის ფენომენი სამწვრთნელო საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, კოსტა რიკის და ნიდერლანდების მეოთხედფინალური დაპირისპირება დამატებით ტაიმებში გაგრძელდა, სადაც ლუის ვან გაალმა ერთი ცვლილება მოიტოვა, რომელიც ბოლოს როგორც გაირკვა, მეკარისთვის იყო განკუთვნილი.

მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოს, ვან გაალმა გუნდის ძირითადი მეკარე იასპერ სილესენი გამოცვალა და მის ნაცვლად, პენალტების სერიისთვის მინდორზე ტიმ კრული შეუშვა. კრულმა 2 პენალტი მოიგერია და ნიდერლანდები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ვან გაალმა შეცვლა გამოიცნო, რაც კრულის ინციდენტამდეც არაერთხელ გაუკეთებია - მაგალითად, კლიუვერტის 20-წუთიანი კამეო 1995 წლის ფინალში. შეცვლის გამოცნობა დიდი მწვრთნელებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ამ ჩამონათვალით შეგვიძლია, ფეხბურთის ისტორიაში მომხდარი რამდენიმე ეპოქალური შეცვლა გავიხსენოთ.

#1 ოლე გუნარ სულშერი (1999)

ტედი შერინგემმა 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბაიერნთან მატჩის გადარჩენა კი შეძლო (გაათანაბრა), მაგრამ მის მსგავსად, მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა ოლე გუნარ სულშერმა საერთოდ სასწაული მოახერხა და ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გაიტანა. მწვრთნელმა 'შეცვლები გამოიცნოო' როდესაც ამბობენ, ამას ამ ამბავზე უკეთ ალბათ ვერაფერი ასახავს.

#2 ოლივერ ბირჰოფი (1996)

ოლივერ ბირჰოფი ევროპის ჩემპიონატზე ძირითადის ფეხბურთელად არ განიხილებოდა. ფინალამდე ევროზე მხოლოდ 95 წუთი ჰქონდა ნათამაშები, ევრომდე კი - ნაკრების ფორმით რამდენიმე ამხანაგური მატჩი. თუმცა, უდინეზეს ფორვარდი ფინალში მინდორზე 69-ე წუთზე გამოჩნდა და დუბლის შესრულება შეძლო. ჯერ 73-ეზე გაათანაბრა, ხოლო 95-ეზე ოქროს გოლი გაიტანა. მსგავსი რამ 4 წლის შემდეგ დავიდ ტრეზეგემ გაიმეორა, რომელიც ფინალში ასევე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

#3 მარიო გიოტცე (2014)

„აჩვენე ყველას, რომ მესის ჯობიხარ“ - ასეთი სამოტივაციო სიტყვები უთხრა იოახიმ ლიოვმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 88-ე წუთზე შესულ მარიო გიოტცეს, რომელმაც მიროსლავ კლოზე, დიდი ბომბარდირი ღირსეულად შეცვალა. გიოტცემ არგენტინას 113-ე წუთზე გაუტანა და გერმანიას მუნდიალი ისტორიაში მეოთხედ მოაგებინა. თუმცა, ამ ფინალის შემდეგ გიოტცე სათამაშო ფორმის პიკს ნელ-ნელა დაშორდა და დღეს პსვ ეინდჰოვენში ძველი კონდიციების დაბრუნებას ცდილობს.

#4 ჰენრიკ ლარსონი (2006)

2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ფრანკ რაიკაარდმა 2 ცვლილება გამოიცნო - ჟულიანო ბელეტი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და ჰენრიკ ლარსონი, რომელმაც ბელეტის საგოლე პასი მისცა. თუმცა, ლარსონმა საგოლე გადაცემა სამუელ ეტო’ოსაც გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ლარსონი მინდორზე 61-ე წუთზე მარკ ვან ბომელის ნაცვლად გამოჩნდა და თამაშის რიტმი მთლიანად შეცვალა. არსენ ვენგერსაც შეეძლო ამავე ფინალში მსგავსი რამ განეხორციელებინა, მაგრამ ლარსონივით ვეტერანი - დენის ბერგკამპი სკამზე დატოვა, რასაც ჰოლანდიელი ვენგერს დღემდე ვერ პატიობს.

#5 გარეთ ბეილი (2018)

2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გარეთ ბეილი 61-ე წუთზე ისკოს ნაცვლად ჩაერთო. მეორე გოლს ბევრი ლორის კარიუსს აბრალებს, მაგრამ პირველის ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ასეთ ფინალებში არაერთი გოლის ავტორი - ზინედინ ზიდანიც კი აღაფრთოვანა. ბეილმა შემოსვლიდან 2 წუთში ლივერპულს მაკრატელა გაუტანა და რეალი დააწინაურა. შემდეგ ლივერპულის კარი კიდევ ერთხელ აიღო და მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები