Thumbnail

11 წლის შემდეგ! ჟოზე მოურინიო იტალიაში ბრუნდება და რომში იმუშავებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოზე მოურინიომ ახალი სამსახური მალე იპოვა
  • პორტუგალიელი იტალიაში 11 წლის შემდეგ ბრუნდება

რომამ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მალევე გაავრცელა!

ჟოზე მოურინიო 2021/22 წლების სეზონიდან ჯალოროსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს! იტალიური კლუბის ვებგვერდმა ეს ინფორმაცია ოფიცალურად დაადასტურა. პორტუგალიელი პაულო ფონსეკას შეცვლის, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

58 წლის სპეციალისტმა ახალი გამოწვევის მიღების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კლუბის მაღალ ამბიციებში დარწმუნებულია:

"მადლობას ვუხდი ფრიდკინების ოჯახს, რომ ამ დიდი კლუბის ხელმძღვანელობისთვის ამირჩიეს და მათი ხედვის ნაწილი გავხდი. მეპატრონეებთან და ტიაგო პინტოსთან საუბრის შემდეგ, მაშინვე მივხვდი, რამდენად მაღალია ამ კლუბის ამბიცია. რომას გულშემატკივრების წარმოუდგენელებმა გატაცებამ დამარწმუნა სამუშაოს მიღებაში და მოუთმენლად ველოდები მომდევნო სეზონის დაწყებას. ამავე დროს წარმატებებს ვუსურვებ პაულუ ფონსეკას. Daje Roma!", - თქვა მოურინიომ.

განცხადება გაავრცელეს რომას მეპატრონეებმა, ძმებმა რაიან და დენ ფრიდკინებმა: "მოხარულები და აღფრთოვანებულები ვართ, რომ ჟოზე მოურინიოს რომაულ ოჯახში მივესალმებით. ჟოზე არის ჩემპიონი, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო და ჩვენი ამბიციური პროექტის გარანტი იქნება. ჟოზე ჩვენს კლუბში გამარჯვებული მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟოზე მოურინო იტალიაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ის სერია A-ში 2008-2010 წლებში მილანის ინტერს ავარჯიშებდა, რომელსაც ორჯერ 'სკუდეტო' და თითოჯერ იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ჟოზემ "ჯალოროსისთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო რამდენიმე კვირის წინ დაითხოვეს. ჟოზეს კარიერის განმავლობაში ბენფიკაში, ლეირიაში, პორტუში, ჩელსიში, რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედში უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები