Thumbnail

'მწვრთნელს არც ვეძებ' - ნიკოლოზ ბასილაშვილის მოულოდნელი აღიარება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 3 226 325 ევრო) ჩასართავად ემზადება, მის გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ნიკას ამჟამად მწვრთნელი არ ჰყავს და მის მოძიებაზე არც მუშაობს.

“მიუნხენური წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მომავალი ტურნირების წინ თავდაჯერებულობას შემძენს. მართალი გითხრათ, მწვრთნელს არც ვეძებ და მხოლოდ ფიზიოს და ფიტნეს მწვრთნელებთან ერთად ვმოგზაურობ”.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა BMW Open ისე მოიგო, რომ სეტიც არ დაუთმია, ფინალში კი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 (7:5) სძლია. ნიკოლოზი MUTUA MADRID OPEN-ზე ფრანგ ბენუა პერს ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში ფრანგი ჩოგბურთელი ქართველს 3:1-ს უგებს. ნიკამ ბენუას სულ ბოლო მატჩში აჯობა მისთვის ტრიუმფალური 2019 წლის შანხაის ტურნირის მიმდინარეობისას – 6:4, 1:6, 6:1. მანამდე, პერის უპირატესობა აშკარა იყო: 5:7, 6:2, 6:4 – 2015 წელს, მეცში (საფრანგეთი), 6:7 (5:7), 7:5, 6:3 – 2016 წელს, შენჟენში (ჩინეთი) და 6:1, 7:6 (7:5), 2017 წელს, იმავე მეცში.

უკვე ცნობილია, რომ ბასილაშვილისა და პერის შეხვედრა 4 მაისს მე-4 კორტზე, მე-3 წყებაშია დანიშნული და თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები