Thumbnail

"პოპსპორტის" ტრადიციული "თვის ქართული გოლები და პასები" 22 მარტს შემოგთავაზეთ, რადგან მაშინ სანაკრებო პაუზა დაიწყო. ასე რომ, ამ რუბრიკაში სანაკრებო პაუზასა (რომელიც 2 აპრილამდე გაგრძელდა) და აპრილს გავაერთიანებთ. 

ამ პერიოდში ქართველმა ლეგიონერებმა ჯამში 25 გოლი გაიტანეს და 11 საგოლე გადაცემა გააკეთეს. იანვარში მათ ანგარიშზე 15 გოლი იყო, თებერვალსა და მარტში 20-20, მატება კვლავ აშკარაა. რაც შეეხება ასისტებს: იანვარი - 12, თებერვალი - 9, მარტი - 4. ამ თვეშიც იყო ერთი ჰეთ თრიკი და ის ზაქარია ბეგლარიშვილის ანგარიშზეა. 

ხვიჩა კვარაცხელია - 6 თამაში, 3 გოლი
რუბინი (რუსეთი). 20 წლის
საშუალოდ 0.5 გოლი მატჩში
€15 000 000

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ესპანეთის ნაკრების კარში

ხვიჩას საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ, ტრავმით დასრულდა - მან ზედიზედ გაუტანა ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს და კლუბში დაბრუნებულმა - სოჩის. შეიძლება ითქვას, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ ხვიჩამ ევროპა აალაპარაკა.

მისი სატრანსფერო ფასიც "ტრანსფერმარტკზე" 5 მილიონი ევროთი გაიზარდა. მედიაში გაცილებით ხშირად წერენ, გრანდების მიერ ქართველი შემტევით დაინტერესებაზე. ბოლო დროს ყველაზე მეტს იუვენტუსზე, ლიდს იუნაიტედზე და გლადბახზე წერენ. 

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სოჩის კარში

ზაქარია ბეგლარიშვილი - 5 თამაში, 5 გოლი, 1 პასი
ლევადია (ესტონეთი). 31 წლის
საშუალოდ 1.0 გოლი მატჩში
€250 000

უნგრულ ჰონვედში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ამ ფორვარდის კარიერა უკან წავიდა. მაშინ მას ცოტა დააკლდა ესტონეთის ნაკრებში მოხვედრამდეც. წლის დასაწყისში ზაქარია ისევ ესტონეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა და ლევადიაში ერთ-ერთი ლიდერიც მალე გახდა. ჩემპიონატის 8 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლი და 2 საგოლე პასია, ლევადიაც ლიდერთა შორისაა. 

თორნიკე ოქრიაშვილი - 5 თამაში, 2 გოლი
ანორთოსისი (კვიპროსი). 29 წლის
საშუალოდ 0.4 გოლი მატჩში
€1 000 000

ტრავმის შემდეგ (რის გამოც სანაკრებო მატჩები გამოტოვა) დაბრუნდა და ეგრევე გაიტანა ანორთოსისის შემადგენლობაში. თვის განმავლობაში თორნიკემ გატანა კიდევ ერთხელ მოახერხა. კვიპროსული მედია ამტკიცებს, რომ არა ოქრიაშვილის ტრავმები, ქეცბაიას გუნდი აუცილებლად იბრძოლებდა ჩემპიონობისთვის. ახლა კი ოქრიაშვილს თავის გამოჩენა თასის ფინალში შეუძლია, რის მერეც ის, ალბათ, დატოვებს კვიპროსს. 

გიორგი ბერიძე - 6 თამაში, 2 გოლი, 3 ასისტი
უიპეშტი (უნგრეთი). 23 წლის
საშუალოდ 0.33 გოლი მატჩში
€450 000

საქართველოს ნაკრებში თავი დაიმკვიდრა, ხოლო უნგრეთის ჩემპიონატში სტაბილურად შედეგიანად ასპარეზობს. ამ თვეში მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია. გოლი პლუს პასი სისტემით მასზე მეტი მხოლოდ ბეგლარიშვილმა შეძლო. 

📺 გიორგი ბერიძის გოლი კიშვარდას კარში

2-2 გოლის გატანა შეძლეს ელგუჯა გრიგალაშვილმა (ყიზილქუმი), და ბექა მიქელთაძემ (ქსანთი). გოლი და ასისტი შემოგვთავაზეს ვაკო ყაზაიშვილმა (ულსანი) და ბუდუ ზივზივაძემ (ფეჰერვარი).

📺 ბუდუ ზივზივაძის გოლი მტკ-სთან

თითო გოლი გაიტანეს: ლევან შენგელიამ (კონია), გიორგი მიქაუტაძემ (სერენი), ელგჯა ლობჯანიძემ (ტობოლი), გიორგი ხარაიშვილმა (ფერენცვაროში), შოთა გრიგალაშვილმა (ყიზილჯარი) და ლევან კუტალიამ (ჰაპოელ უმი). თითო საგოლე პასი აქვთ ვაკო გვილიასა (ლეგია) და ოთარ კიტეიშვილს (ორივეს სანაკრებო). 

📺 მიქაუტაძის გოლი დეინზეს კარში

ეროვნული ლიგა - აპრილი

ეროვნულ ლიგაში აპრილში ყველაზე მეტი გოლი საბურთალოს ფორვარდმა იური ტაბატაძემ გაიტანა - 5 ამდენივე თამაშში (პლუს ერთი საგოლე პასი). 3-3 გოლით გამოირჩნენ: ჯაბა ჯიღაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი ფანცულაია. აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმის ამ ტრიოს ასევე 2-2 საგოლე პასი აქვთ. ასევე 3-3-ჯერ გაიტანეს გურამ კაშიამ (ლოკომოტივი), მიშიკო სარდალიშვილმა (შუქურა), სერგო კუხიანიძემ (სამგურალი) და ირაკლი ბიძინაშვილმა (დილა).     

საინტერესო ფაქტები

⚽ ერთადერთი ჰეთ თრიკი ზაქარია ბეგლარიშვილის ანგარიშზეა.

⚽ 2021 წლის მეგოლეებში გიორგი ქვილითაია (7) ლიდერობდა, მაგრამ მას გოლი არ გაუტანია და ზაქარია ბეგლარიშვილი წამოეწია. 6 გოლი დარჩა დავით ვოლკოვს. 

⚽ 2021 წელს ყველაზე მეტი საგოლე პასი ჰქონდა საბა ლობჟანიძეს - 6. ამ თვეში მას ასისტი არ ჰქონია. 

კომენტარები

ბოლო ამბები