Thumbnail

მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ასე ახლოს აქამდე არასდროს ყოფილა! ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ნახევარფინალის პირველი რაუნდი პარი სენ-ჟერმენს სტუმრად 2:1 მოუგო და ნანატრ ფინალს ერთი ნაბიჯი აშორებს. პარიზში ჩატარებული მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ პეპის გუნდი თამაშის სათავისოდ შეტრიალებას მოახერხებდა, მაგრამ სწორედ ასე მოხდა და ახლა სიტი ფავორიტია!

პსჟ რთულ მდგომარეობაშია - მინიმუმ 2 გოლი აუცილებლად უნდა გაიტანოს და მოიგოს, მანჩესტერ სიტისთან კი ამის დაგეგმვა ადვილი არ არის. თუმცა პარიზელებმა მეოთხედფინალში მიუნხენში ბაიერნს 3 გოლი გაუტანეს და ინგლისელებს ყურადღებით ყოფნა მართებთ!

„ქალაქელებს“ ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში არასდროს უთამაშიათ! მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ინგლისურ გუნდში დიდძალი ფინანსური რესურსი ჩაიდო, ჯერჯერობით გადამწყვეტი თამაში მისთვის მიუწვდომელი იყო. და საერთოდ - 51 წელი გავიდა მას მერე, რაც მანჩესტერ სიტი ბოლოს ევროტურნირის ფინალში იყო და ეს ბოლოს 1970 წელს მოხდა, თასების თასზე. ცხადია, მაშინ სხვა ეპოქა იყო, სხვა ფეხბურთი და სხვა რეალობა.

ამ მატჩს გვარდიოლასთვისაც დიდი დატვირთვა აქვს, რადგან მას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ფინალს ისიც მონატრებულია, რადგან 2011 წლის შემდეგ პეპი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილე არ ყოფილა და მსგავსი კალიბრის მწვრთნელისთვის, რომელსაც სეზონი არ ჩაუგდია და ამ პერიოდში ისეთ გუნდებს ავარჯიშებდა, როგორებიც ბარსელონა, ბაიერნი და სიტი არიან, 10 წელი ძალიან დიდი პაუზა გამოდის.

მეორე მხარეს არის პარი სენ-ჟერმენი, რომელშიც ასევე დიდი ინვესტიციაა ჩადებული და ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი ჯერაც აუხდენელი ოცნებაა. გასულ სეზონში პსჟ ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ფინალში ბაიერნთან დამარცხდა და ახლა ზედიზედ მეორე ფინალს უმიზნებს. იგივე ითქმის მაურისიო პოჩეტინოზე, რომელიც 2019 წელს ტოტენჰემთან ერთად იყო ფინალში და მას მერე ჩემპიონთა ლიგაზე საგაზაფხულო სტადიაზე პირველად მუშაობს.

დე ბრუინს პსჟ-სთან სამივე მატჩში გოლი აქვს გატანილი

პსჟ-ს ხუან ბერნატი ტრავმის და იდრისა განა გეიე დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ხოლო მანჩესტერ სიტი მეტოქეს იდეალური შემადგენლობით ეთამაშება. კილიან მბაპეს მცირე ტრავმა ჰქონდა და ბოლო ტურში ლანსთან არც უთამაშია, მაგრამ ის განაცხადში. ვთქვათ ისიც, რომ მანჩესტერ სიტიმ ბოლო ტურში კრისტალ პალასს 2:0 მოუგო და პრემიერლიგაში ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა, ალბათ მომდევნო ტურში ეს ამბავი გაოფიციალურდება, ხოლო პსჟ-მ ლანსს ბრძოლაში 2:1 მოუგო და ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა - ლილს 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება პირველ მატჩს, რომელიც პსჟ-სა და სიტის შორის პარიზში გაიმართა: მასპინძლები მარკინიოსის გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში კევინ დე ბრუინმა და რიად მაჰრეზმა სიტის მოაგებინეს.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტი პსჟ-სთან დაუმარცხებლია ოთხ მატჩში (2 მოგება, 2 ფე). პარიზელებთან ბოლო საშინაო შეხვედრა მანჩესტერელებმა 2016 წლის აპრილში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მოიგეს.

⚽ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე უარესი მოუგებელი სერია მხოლოდ მილანთან აქვს (4 თამაში), ვიდრე სიტისთან (3 მატჩი). პარი სენ-ჟერმენი მე-6 გუნდია, რომელიც ერთ სეზონში სიტისაც შეხვდება და მანჩესტერ იუნიატედსაც, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ინგლისში მოუგო, მაგრამ აქამდე, ორივე მანჩესტერული გუნდი ერთ სეზონში სტუმრად არ დაუმარცხებია.

⚽ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს და შეუძლია, ინგლისურ კლუბებს შორის საუკეთესო სერიის ავტორი გახდეს. ასევე ზედიზედ 6 გამარჯვება აქვთ ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედს (1965/66), ლიდს იუნაიტედს (1969/70) და არსენალს (2005).

⚽ ინგლისურ კლუბებს ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე პლეი ოფში სტუმრად პირველი მატჩი 47-ჯერ აქვთ მოგებული და ყველა შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ინგლისელები გავიდნენ.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი თამაშის წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა ბოლოს გასულ სეზონში მოახერხა, როცა დორტმუნდს აჯობა (1:2, 2:0), მაგრამ ფრანგები არასდროს გასულან შემდეგ ეტაპზე, როდესაც პირველი თამაში შინ წააგეს.

⚽ მანჩესტერ სიტის შანსი აქვს ბოლო 51 წელიწადში პირველად გავიდეს ევროთასის ფინალში. ბოლოს ეს 1970 წელს მოხდა, როდესაც თასების თასის ფინალში პოლონურ გურნიკს დაუპირისპირდა. ამ შემთხვევაში სიტი სპორტინგის შედეგს გააუმჯობესებს, რომელმაც 41-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა პირველი ფინალი (1964 წლიდან 2005 წლამდე) და ეს დღემდე ყველაზე ხანგრძლივი პაუზაა ერთი გუნდისთვის ორ ევროპულ ფინალს შორის.

⚽ მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩიდან 10 მოიგო (1 ფრე), 23 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა. პეპ გვარდიოლას გუნდი პსჟ-ს თუ დაამარცხებს, პირველი ინგლისური კლუბი გახდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 11 თამაშს მოიგებს და მანჩესტერ იუნაიტედის რეკორდს დაამხობს, რომელმაც 2002/03 წლების სეზონში 10 მატჩი მოიგო.

⚽ პეპ გვარდიოლასთვის ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 63 თამაში და რეკორდსმენი გახდება, გაასწრებს რა, კარლო ანჩელოტის (62 მატჩი). ესპანელს მაურისიო პოჩეტინო 11-ჯერ ჰყავს დამარცხებული და უფრო მეტი გამარჯვება მას მანუელ პელეგრინისა და შონ დაიჩის წინააღმდეგ აქვს მოპოვებული (12).

⚽ კილიან მბაპემ წინა მატჩში კარისკენ ვერ დაარტყა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მის კარიერაში პირველად მოხდა. მეორეს მხრივ, "ეტიჰად სთედიუმზე" მას ერთადერთ თამაშში გოლი აქვს გატანილი (2017 წელს მონაკოს მაისურით).

⚽ კევინ დე ბრუინს პსჟ-ს კარში 3 გოლი აქვს გატანილი და ის შეიძლება გახდეს მეორე მოთამაშე ნეიმარის შემდეგ, რომელიც პარიზელებს ზედიზედ ოთხ თამაშში გოლს გაუტანს.

⚽ მანჩესტერ სიტის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ პსჟ-ს ბოლო 5 თამაშში ხუთჯერვე 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ოთხ ურთიერთშეხვედრაში ბოლო ორ შემთხვევაში გამარჯვებული სიტი გამოვიდა, მანამდე ორი ფრე დაფიქსირდა. 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, კანსელო - როდრი, გიუნდოგანი - მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, ფოდენი - დე ბრუინი

პარი სენ-ჟერმენი (4-2-3-1): ნავასი - ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო - დანილო, პარედესი - დი მარია, ვერატი, ნეიმარი - მბაპე

ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: ბერნატი, გეიე

კომენტარები

ბოლო ამბები