Thumbnail

‘სხვა არჩევანი არ მაქვს!’ - 49 წლის იარომირ იაგრი თამაშს აგრძელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარული ჩეხი მშობლიურ კლუბში რჩება
  • იაგრის თქმით, ამას პასუხისმგებლობის გამო აკეთებს

მერე რა, რომ 33 წელია თამაშობს და უკვე 49 წლისაა - ყინულის ჰოკეის ჩეხი ლეგენდა იარომირ იაგრი პენსიაზე გასვლას ჯერ კიდევ არ აპირებს! “სხვა არჩევანი უბრალოდ არ მაქვს,” - განაცხადა პრესკონფერენციაზე იაგრმა, რომელსაც მშობლიურ კლუბ კლადნოს ექსტრალიგაში დაწინაურებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

იაგრი გუნდის სახე, ლიდერი და მფლობელია. “მე რომ თამაში დავასრულო, ბევრ პარტნიორსაც დავკარგავთ, - დასძინა სტენლის თასის ორგზის გამარჯვებულმა, - კარიერის გაგრძელების მთავარი მიზეზი სწორედ ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ამ კლუბის მიმართ ვგრძნობ. ასე რომ არ იყოს, ყინულზე აღარ ვიფრენდი. ახლა მთავარია, რომ მაგრად ვივარჯიშო და წონაში არ მოვიმატო. ადრე შაიბა მაშინ გამქონდა, როცა მინდოდა და ისე გამქონდა, როგორც მინდოდა. ასაკთან ერთად ყველაფერი შეიცვალა.” 

კლადნოში სეზონის 35 მატჩში იაგრმა 4 შაიბა გაიტანა და 18 ასისტი მიითვალა. “ვიცი, რომ უკეთეს ფორმაში უნდა ვიყო,” - ამბობს ვეტერანი.

იარომირ იაგრს კლადნოში დებიუტი 1988/99 წლების სეზონში ჰქონდა. NHL-ში გადასვლის შემდეგ მან პიტსბურგთან ერთად სტენლის თასი ორჯერ მოიგო. 2018 წლიდან ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და NHL-ის ჩემპიონი (Triple Gold Club) ისევ მშობლიურ კლადნოში თამაშობს. NHL-ში მის ანგარიშზე 766 გატანილი შაიბა და 1155 შედეგიანი გადაცემაა (სარგებლიანობის მაჩვენებელი +322).

კომენტარები

ბოლო ამბები