Thumbnail

ბასილაშვილმა ისევ მოიგო და დღესვე ფინალში გასასვლელად ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 6:4, 6:4 გომბოსი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ამჯერადაც სეტისწაუგებლად იმარჯვა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) მე-3 მატჩი მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა BMW Open-ის საწყის რაუნდებში ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო (6:2, 6:3) და კოლუმბიელი დანიელ ელაჰი გალანი (6:4, 6:2) იოლად დაამარცხა, დღეს კი, სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან წვიმის გამო, გუშინ შეწყვეტილი თამაში განაგრძო და მეტოქეს 6:4, 6:4 სძლია.

ნიკას 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქესაც იგივე), მოწოდება არ წაუგია, თავად კი 7 ბრეიკ-პოინტიდან 2 გამოიყენა. თამაში საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ქართველ ჩოგბურთელს პირველ მოწოდებაზე 57%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც 82% (33-დან 27) სათავისოდ დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 68%-იანი შედეგი (25-დან 17) დაუფიქსირდა.


ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა ATP-ს ლაივ-რეიტინგში 1690 ქულა მოაგროვა, ფრანგებს – ადრიან მანარინოსა და ბენუა პერს გადაასწრო და 33-ე ადგილზე დამკვიდრდა.

ნიკოლოზს ნახევარფინალური მატჩიც დღეს უწევს, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი 22 წლის ნორვეგიელი კასპერ რუუდი იქნება, რომელიც მიუნხენის ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი, ისე კი მსოფლიოს 24-ე ჩოგანია. მან მეოთხედფინალში ასევე ორ დღეზე გაწელილ მატჩში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა. ქართველი და ნორვეგიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. თამაში თბილისის დროით 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები