Thumbnail

'რანაირი ტიპი ხარ?' - ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც კუმანი გააძევეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მსაჯს უბრალოდ მოუნდა საღამოს მთავარი მოქმედი პირი გამხდარიყო'
  • ბარსელონას მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ესპანური ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა წითელი ბარათი მიიღო და გრანადასთან სენსაციურად წაგებულ (1:2) მატჩს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს შეხვედრის მე-4 მსაჯთან უდიერი საუბარი არ ეპატია. “რანაირი ტიპი ხარ?” – ასე მიმართა მან არბიტრს, რის გამოც ბარსელონას სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. თავად კუმანმა მომხდარს აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ მსაჯები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ:

“მართალი გითხრათ, ვერც კი გავიგე, რატომ გამაძევეს. მთავარმა მსაჯმა მითხრა, რომ დამხმარე არბიტრს შეურაცხყოფა მივაყენე, არადა, მისთვის ცუდი არაფერი მითქვამს, ცუდიც არაფერი გამიკეთებია. არც კი მჯერა, რომ წითელი ბარათი მაჩვენეს. შეიძლება, მსაჯს უბრალოდ მოუნდა, საღამოს მთავარი მოქმედი პირი გამხდარიყო. ნამდვილად მაინტერესებს პროტოკოლში რას ჩაწერენ, თუმცა, თუკი ისეთი რამ წავიკითხე, რაც არ მითქვამს, საპასუხო ნაბიჯის გადადგმა მომიწევს”.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის გამო, კუმანს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ამდენად, ლა ლიგაში ვალენსიასთანა და მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩებს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ძალიან დრამატული ფინიშია მოსალოდნელი. 33 ტურის თავზე ხსენებულ ატლეტიკოს 73 ქულა აქვს, რეალსა და ბარსელონას – 71-71, სევილიას კი – 70.

📺 ბარსელონა 1:2 გრანადა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები