Thumbnail

'ბუდუს ეს ძალიან სჭირდებოდა!' - ფეჰერვარის მწვრთნელმა ზივზივაძე შეაქო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბუდუ ზივზივაძის და იმრე საბიჩის კომენტარები ულამაზეს გოლზე
  • ქართველმა ფორვარდმა 7 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ფეჰერვარის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა და მტკ-სთან თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (3:1). ქართველი ფეხბურთელი მატჩში 75-ე წუთზე ჩაერთო და ნახევარ წუთში შეძლო გატანა. მისი გოლი პრაქტიკულად გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ანგარიში 2:0 გახდა.

ზივზივაძემ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო: "კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ძალიან სასიამოვნო იყო გოლის გატანა თამაშში ჩართვისთანავე. არ მახსენდება, რომ მეტოქის კარში გოლი ასე სწრაფად გამეტანოს. ეს გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თითქმის ორი თვე არ მქონდა გატანილი. ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვების წყალობით, ორშაბათს გასამართ თასის ფინალს უფრო მეტი თავდაჯერებით ვხვდებით," - თქვა ბუდუმ.

ზივზივაძემ ამ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 7 პასი)

ფეჰერვარს 3 მაისს უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს - უნგრეთის თასის ფინალში უიპეშტს შეხვდება, რომლის ღირსებას გიორგი ბერიძე იცავს. მთავარი მწვრთნელი იმრე საბიჩი კი ფიქრობს, რომ ზივზივაძე გოლის შემდეგ თასის ფინალში უფრო თავდაჯერებულ ითამაშებს: "ბედნიერი ვარ, რომ ბუდუმ გოლი გაიტანა, თასის ფინალამდე ეს ძალიან სჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, ახლა თავდაჯერებაც მოემატა. ორშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, თასის ფინალი და გვინდა ისტორია დავწეროთ. პარასკევს დავისვენებთ და შემდეგ ფინალისთვის მზადებას დავიწყებთ," - თქვა საბიჩმა, რომელმაც თავის დროზე საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 30 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო თასზე მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა. ფეჰერვარი თასის ფინალის გარდა, ჩემპიონატშიც კარგად თამაშობს და მე-3 ადგილზე იმყოფება.

📺 ბუდუ ზივზივაძის გოლი მტკ-სთან

კომენტარები

ბოლო ამბები