Thumbnail

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩი მომავალი ევრობასკეტის წილისყრას გამოეხმაურა და ჯგუფში მეტოქეთაგან ესპანეთი, საქართველო და თურქეთი გამოარჩია. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისი იქნება, აღნიშნული გუნდების გარდა კი, A ჯგუფში ბელგია და ბულგარეთიც ითამაშებენ. ბაზარევიჩის აზრით, ქართველებსა და თურქებს ქომაგების განსაკუთრებული მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ.

“ცოტა უცნაურია, როდესაც ევრობასკეტზე საუბარი მაშინ გვიწევს, როდესაც ტურნირის დაწყებამდე ლამის წელიწადნახევარია დარჩენილი. იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი ნაკრებები ფაქტობრივად აღარ არსებობს, ბევრი რამ კი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ როგორი შემადგენლობის შეკრებას მოახერხებს. სუპერფავორიტები, ალბათ, აღარ არიან. ბოლო წლებში, ასეთი, ესპანეთის ნაკრები იყო, თუმცა, ეს მეტწილად გასოლის თაობასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ნელ-ნელა უკვე მიდის. თუკი ბოლო საკვალიფიკაციო ციკლს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ იქ სულ სხვა კალათბურთელები თამაშობდნენ. სხვა მხრივ, ჩვენი ჯგუფის სიძლიერეზე საუბარი მიჭირს.

თუ მარტო სახელებით ვიმსჯელებთ, უფრო სუსტი ექვსეულებიც მოჩანს, რეალურად კი, რა იქნება, რთული სათქმელია. სიფრთხილე ყველასთან საჭიროა. ვერცერთი გუნდი ვერ გავა მოედანზე და ვერ იტყვის, რომ რომელიმე მეტოქეს იოლად აჯობებს. საკმარისია მცირედით მოდუნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესარჩევ ეტაპზე, ეს, არაერთ შეხვედრაში გამოჩნდა.

საქართველო მასპინძელი იქნება და ამით, ყველაფერი ნათქვამია. ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ თურქებსაც და მათ ქომაგებიც ძალიან დაეხმარებიან. ქართველებს თურქები შემთხვევით არ აურჩევიათ, ისინი ხომ მეზობლები არიან. კიდევ კარგი, ბათუმში მაინც არ ვთამაშობთ, ეს ქალაქი ხომ პირდაპირ საზღვარზეა და ამ შემთხვევაში მთელი დარბაზი თურქებით იქნებოდა სავსე”.

ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები