Thumbnail

საქართველოს პირველი ლიგიდან ფრანგულ TOP 14-ში - ნინიაშვილი ლიონში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 18 წლის დავით ნინიაშვილმა ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მას საკლუბო დონეზე მხოლოდ თბილისის ხვამლში უთამაშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი დავით ნინიაშვილი კარიერას ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ ლიონში გააგრძელებს. ეს უდიდესი წარმატებაა 18 წლის მორაგბისთვის, რომელსაც კარიერის განმავლობაში, თბილისის ხვამლთან ერთად მხოლოდ საქართველოს რეგიონალურ და პირველ ლიგებში უთამაშია.

კონტრაქტი ლიონის ესპუარების გუნდთან გაფორმდა, რომელსაც ახალი სეზონიდან ჯონათან ვიშნევსკი (რასინგ 92-ის, გრენობლის, ტულონის, ლიონის, საფრანგეთის ა ნაკრებისა და ფრანგი ბარბაროსების მგეზავი) გაწვრთნის. ახალგაზრდა ქართველი პერიოდულად პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს და არაა გამორიცხული, სადებიუტო სეზონში პირველ გუნდშიც ვიხილოთ. 

შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილი “ბორჯღალოსნების” შეკრებაზე პირველად 17 წლის ასაკში გამოიძახეს. შარშანდელ “შემოდგომის ერთა თასზე“ მისი სანაკრებო დებიუტი ირლანდიასთან შედგა და იმავე ტურნირზე ფიჯის წინააღმდეგაც ითამაშა. წელს მან რაგბი ევროპის ჩემპიონატის სამი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

“ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი. მოხარული ვარ, რომ ლიონთან 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები, მას ღირსეულად გავუმკლავდე. ჩემი მენეჯერის ლევან ღვაბერიძის დახმარებით, უკვე მქონდა საუბარი მწვრთნელებთან. მათგან დიდი პატივისცემა და ყურადღება ვიგრძენი, რაც ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. საუბრისას ითქვა, რომ ლიონის პირველ გუნდთან ერთად გავივლი მოსამზადებელ ეტაპს, ასევე პერიოდულად მექნება ვარჯიშები ძირითად ბირთვთან. კარგად მესმის, რომ ტოპ გუნდებში ქართველი უკანახაზელების წარმომადგენლობით არ ვართ განებივრებული და პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ნდობა დავიმსახურო და პირველსავე სეზონში ელიტაში თამაში მომიწიოს. ახლა, ჩემი მთავარი ამოცანა ფრანგული ენის შესწავლაა, რათა გუნდში ინტეგრირება გამიადვილდეს“, - განაცხადა ახალგაზრდა მორაგბემ საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან საუბარში.

დავით ნინიაშვილს კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და საფრანგეთს სავალდებულო სამედიცინო შემოწმებისთვის, ასევე ფორმალობების მოსაგვარებლად ესტუმრება. ზაფხულში ის ბორჯღალოსნებს დაეხმარება, რის შემდეგაც ლიონში ჩავა და პირველ გუნდთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს. ნინიაშვილის მენეჯერი ლევან ღვაბერიძე დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფულბეკი პირველ გუნდთან ერთად დიდ დროს გაატარებს და აღნიშნავს, რომ ლიონმა მისი აყვანა „შემოდგომის ერთა თასზე“ ნაჩვენები თამაშის შემდეგ, მალევე გადაწყვიტა:

“პიერ მინიონიმ თქვა, რომ სურს დავითმა მოსამზადებელი ეტაპი პირველ გუნდთან ერთად გაიაროს. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მან პირველ გუნდში დიდი დრო გაატაროს. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გვქონდა მცდელობა, რომ ნინიაშვილისთვის ინგლისური კლუბი მოგვეძებნა, მაგრამ იქ იმდენად გართულებულია სავიზო პროცედურები, პარალელურად ფრანგულ კლუბებთანაც დავიწყეთ საუბარი. მაშინვე გამოჩნდა ტულონის ვარიანტი, თუმცა პანდემიამ სინჯებზე ჩასვლის შესაძლებლობა არ მოგვცა. გარდა ამისა, იმ პერიოდში ნინიაშვილს მხოლოდ 18-წლამდე და 7-კაცა ნაკრებები ჰქონდა ნათამაშები და მისი ცნობადობა დაბალი იყო. სექტემბრიდან ფრანგული კლუბების არეალი გაფართოვდა, დაინტერესებას ტოპ 14-ისა და პრო დ 2-ის წამყვანი კლუბები გამოთქვამდნენ.

ჩვენ ვეძებდით კლუბს, რომელიც მისი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ამასობაში “შემოდგომის ერთა თასი“ დაიწყო, სადაც ყველამ ვნახეთ როგორ ითამაშა დავითმა  და მის მიმართ ინტერესი გამძაფრდა. ლიონმა ყოველგვარი სინჯების გარეშე კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა და ფაქტობრივად 10 დღეში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბუთების მომზადებას და პროცედურებს გარკვეული დრო დასჭირდა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი კონტრაქტზე ხელის მოწერით დასრულდა. ჯონათან ვიშნევსკი, რომელიც კარიერას ამ სეზონის ბოლოს ასრულებს, ლიონის ესპუარების მწვრთნელად ინიშნება და მას დაევალა დავითზე ყურადღების მიქცევა. ვიმედოვნებ, რომ ნინიაშვილს წელსვე მიეცემა პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა“.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ იმავე ლიონთან ასევე 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი კიდევ ერთმა ახალგაზრდა “ბორჯღალოსანმა” ბექა საღინაძემ. ქართული რაგბის ქომაგმა ლელო-სარასენსის აღზრდილი უმცროს "ბორჯღალოსნებში" (18-წლამდე და 2017-2018 წლებში, 20-წლამდე) თამაშით გაიცნო. 22 წლის საღინაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა და იმავე წელს, იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. დღემდე მის ანგარიშზე 21 სანაკრებო კეპი და სამი ლელოა. 2018 წელს საღინაძე პრო დ 2-ის ორიაკს შეუერთდა და მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერად იქცა. მან 14-იდან 13 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ორი ლელო გაიტანა, ახალი სეზონიდან კი უკვე ტოპ 14-ის ბინადარ ლიონისთვის გაირჯება.

კომენტარები

ბოლო ამბები