Thumbnail
  • ქართველ მოჭიდავეს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • ის დასკვნითი სალიცენზიო ტურნირის მიღმა დარჩა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

მიზეზი კორონავირუსია, რის გამოც ქართველი ფალავანი ოლიმპიური თამაშების დასკვნით საკვალიფიკაციო ტურნირზე ვერ მიემზავრება, ამდენად, მას ლიცენზიის მოპოვების მეტი შანსი აღარ ექნება.

“ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია”, - წერს ხინჩეგაშვილი სოციალურ ქსელში და პოსტს კორონავირუსის PCR ტესტის შედეგსაც ურთავს, რომელიც დადებითია.

შეგახსენებთ, რომ მოჭიდავეებისთვის მომავალი ოლიმპიადის ბოლო საგზურები 6-9 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაგეგმილ შეჯიბრზე გათამაშდება, სადაც ლადოს მონაწილეობა 65 კგ-მდე კატეგორიაში უნდა მიეღო. საქართველოს ამ წონაში ლიცენზია არ აქვს, ამდენად, უცნობია, ხინჩეგაშვილის ნაცვლად შეჯიბრზე ვინმე წავა თუ – არა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ხინჩეგაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორიც გახლავთ, მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, ევროპის ჩემპიონატი კი 3-ჯერ აქვს მოგებული.

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდათ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების სხვა წევრებს - ხვიჩა ბუჯიაშვილსა (57 კგ.) და ზურაბ იაკობიშვილსაც (70 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები