Thumbnail

ევროპის სუპერლიგა დაარსებიდან ზუსტად ერთ კვირაში ლიკვიდირებულია. ოფიციალურად ის ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ 12 გრანდის მიერ შექმნილ ტურნირს ამ სახით მომავალი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 12 დამფუძნებლიდან რამდენიმემ მალევე განაცხადა სუპერლიგიდან გამოსვლის შესახებ, მათთვის ამით ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების დასჯა სურს: “ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც გააკეთა,” - უთხრა ჩეფერინმა Mail on Sunday-ს.

ყველაზე მოსალოდნელი სანქცია რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის დასჯაა - ანუ, იმ გრანდების, რომლების სუპერლიგის იდეას სათავეში ედგნენ და პრინციპში ახლაც უდგანან, რადგან ოფიციალურად სუპერლიგაზე უარი დღემდე არ უთქვამთ. მათი დასჯის მექანიზმი კი ის იქნება, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონიდან მოიკვეთებიან.

ამასთან, უეფა ჩემპიონთა ლიგის რეფორმის გადახედვას და განახლებასაც გეგმავს. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში ორი ისეთი ტრადიციული გუნდი მოხვდეს, რომლებიც საგზურს თავიანთი ჩემპიონატიდან ვერ მოიპოვებენ. უეფამ, შესაძლოა, სწორედ ეს წესი შეცვალოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის რეფორმის გეგმის გამჟღავნების შემდეგ ამ იდეას დიდი პროტესტი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ამერიკული საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის დაფინანსებით ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ კლუბებს საკუთარი სუპერლიგის შექმნა სურდათ და იურიდიულად შექმნეს კიდეც. უეფას, ფანების, მოთამაშეებისა და მედიის პროტესტის შემდეგ კი სუპერლიგაზე თითქმის ყველა გუნდმა უარი თქვა - დარჩნენ მხოლოდ რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები