Thumbnail

The Witcher: Monster Slayer: CD Projekt Red-ის ახალი თამაში სმარტფონებისთვის

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Monster Slayer Pokemon GO-ს სტილის AR თამაშია
  • მოთამაშე გერალტის როლს მოირგებს და სხვადასხვა ლოკაციებზე დამალულ მონსტრებს აღმოაჩენს
  • თამაში 2021 წლის ზაფხულში გამოვა

რამდენიმე დღის წინ, პოლონურმა დეველოპერულმა კომპანია CD Projekt Red-მა, ლეგენდარული როლური თამაშის The Witcher-ის ფრენჩაიზის ახალი თამაშის The Witcher: Monster Slayer დემო დააანონსა და მასზე რეგისტრაციაც გახსნა. თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ის 2021 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. თუკი გსურთ, რომ თამაშის ბეტა ტესტერებს შორის მოხვდეთ, სწორედ დროა, სარეგისტრაციო ფორმის შევსებაზე იზრუნოთ: ტესტირება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გაიხსნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, The Witcher: Monster Slayer Pokemon GO-ს მსგავსი თამაში იქნება: მოთამაშე სმარტფონის საშუალებით, ვიჩერის როლს მოირგებს და სხვადასხვა ლოკაციებზე დამალულ მონსტრებს აღმოაჩენს. Pokemon GO-ს ფორმულაზე, The Witcher-ის სიუჟეტის მორგება, სავარაუდოდ, იოლი არ იქნება.  CD Projekt-ის CFO, პიოტრ ნიელუბოვზკი, თამაშს ასე აღწერს:

‘’ეს პროექტი სტუდია Spokko-სთან ერთად, ერთი წლის წინ დავიწყეთ. Spokko ჩვენი დიდი ოჯახის უახლესი წევრია. თამაში ალტერნატიული რეალობის სტილისა იქნება და მასში მონსტრების რუკაზე მოძებნა და მათთან შებრძოლება მოგიწევთ. ასევე გაგახარებთ და გეტყვით, რომ თამაში სრულიად უფასოა.’’

მონსტრების დამარცხება მოთამაშეს სხვადასხვა ჯილდოებს მიანიჭებს, ისევე, როგორც ეს The Witcher-ის მთავარ ფრენჩაიზშია. ცნობილია ისიც, რომ თამაში დღე-ღამის ციკლსა და ამინდსაც გაითვალისწინებს მოთამაშის უნარების შეფასებისას.

რაც შეეხება გეიმფლეის: Twitter-ზე გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ მოთამაშე გერალტის ლეგედარული ხმლებითაა შეიარაღებული. თამაშს აქვს როგორც ჯანმრთელობის, ისევე ძალის გამომთვლელები და რამდენიმე განსაკუთრებული უნარი. თამაშში შეგიძლიათ კლასიკური Witcher-ისთვის დამახასიათებელი მაგიის გამოყენება და მონსტრებისთვის ხაფანგების დაგებაც. 

‘’კლასიკური Witcher-ის ტრადიციის მიხედვით, ჩვენს ახალ თამაშშიც, კარგი მომზადება ბრძოლის მოგების გარანტია.’’ ვკითხულობთ CD Projekt-ის ვებ-გვერდზე. ‘’მონსტრების დასამარცხებლად, სხვადასხვა შხამ-წამლების, ხაფანგებისა და სპეციალური ჯადოსნური ბომბების მომზადება მოგიწევთ. ამას გარდა, უნდა გაითვალისწინოთ, არის თუ არა თქვენი პერსონაჟი საკმარისად მაღალ ‘ლეველზე’ ამა თუ იმ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად.’’

Monster Slayer-ის სიუჟეტი, მთავარი ფრენჩაიზის ირგვლივ ვითარდება, თუმცა, რეალურ რუკას იყენებს. იმისათვის, რომ თანამედროვე ქალაქში თამაშმა, Witcher-ის სამყაროს განცდა არ დაგიკარგოთ, AR სისტემაში ინტეგრირებული იქნება ფენტეზი ელემენტები.

რა საკვირველია, ასეთი სტილის თამაში, სიუჟეტზე აქცენტირებული არაა, თუმცა თრეილერში რამდენიმე NPC-ც ჩანს. მათ შესახებ, მეტის გასაგებად, მოგვიწევს თამაშის გამოსვლას დაველოდოთ.

The Witcher: Monster Slayer ხელმისაწვდომი იქნება Android-სა და iOS-ს ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებისათვის.

კომენტარები

ბოლო ამბები