Thumbnail
  • ალეკსანდერ ჩეფერინმა ერთი კვირის წინანდელ ამბებზე ისაუბრა
  • უეფას პრეზიდენტი დეტალურად ყვება, რა ხდებოდა იმ დღეებში

ერთი კვირის წინ, სუპერლიგის მოულოდნელად შექმნამ მთელი საფეხბურთო მსოფლიო შეძრა. შოკში იყვნენ არა მარტო ფეხბურთის მოყვარული ადამიანები, თვითონ ფეხბურთელები და კლუბები, არამედ უმაღლესი რანგის ფუნქციონერებიც - მათ შორის, თვით უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი.

ერთი კვირის შემდეგ, უეფას პრეზიდენტმა გულახდილად ისაუბრა იმის შესახებ, რაც ამ დღეებში გადაიტანა და პიკანტური დეტალებიც გაამხილა. 53 წლის ჩეფერინმა განმარტა, როგორ მოატყუა მას იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.

“ხუთშაბათს მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე-პრეზიდენტმა დამირეკა. მან მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ჩემპიონთა ლიგის რეფორმის გეგმა და დასძინა, ჩვენი კლუბი თქვენს რეფორმას სრულ მხარდაჭერას უცხადებსო. მოკლედ, სასიამოვნო საუბარი გვქონდა,” - აცხადებს ჩეფერინი გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

მომდევნო დღეს, პარასკევს, ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) კონფერენცია გაიმართა. უეფას პრეზიდენტი: “იქ ასევე იყვნენ იმ თორმეტივე კლუბის წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვიანებით სუპერლიგა შექმნეს. ყველა მათგანმა მხარი დაუჭირა ჩვენს გეგმას ჩემპიონთა ლიგის რეფორმასთან დაკავშირებით, თორმეტივე კლუბმა შეგვაქო. სხდომის თავმჯდომარე სწორედ იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გახლდათ.”

ჩეფერინი ამბობს, რომ შაბათს მას დაურეკეს და უთხრეს, რომ “10 თუ 11 გრანდი სუპერლიგას ქმინდა, რომ მათ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელსაც კვირას ყველასათვის მოულოდნელად გაასაჯაროვებდნენ.”

“შოკში ჩავარდი. მანქანაში ვიყავი და შვეიცარიაში მივდიოდი, როცა სანდო წყარომ დამირეკა და ეს მითხრა, - იხსნებს ჩეფერინი, - მაშინვე ანიელის გადავურეკე და ვკითხე, რა ხდება-მეთქი.”

იუვეს ბოსმა, რომელთანაც ჩეფერინს მანამდე ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მას უპასუხა, რომ სუპერლიგის შექმნაზე ინფორმაცია ტყუილი იყო. “დამიჯერე, ეს სიცრუეაო - ასე მითხრა. ანიელის ვენდობოდი. შესაბამისად, დავმშვიდდი და შევთავაზე, ჭორები ვრცელდება და ინფორმაცია გავავრცელოთ, ეს სიცრუე სასწრაფოდ უარვყოთ-მეთქი.” - ამბობს ჩეფერინი.

უეფას პრეზიდენტი აგრძელებს: “ბენზინგასამართ სადგურზე შევჩერდი, რამდენიმე შეტყობინება გავაგზავნე. მერე დამირეკა, გასავრცელებელ ინფორმაციაში რამდენიმე ცვლილების შეტანა სურდა და მთხოვა, 15 წუთი მიმეცა. ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. ამის შემდეგ ანიელი უკვე მიუწვდომელი გახდა, მობილური ტელეფონი გამორთო. მერე კი ბომბი გასკდა! ორი დღის შემდეგ, როცა სლოვენიაში ვბრუნდებოდი, ჩემს ტელეფონზე 3800 SMS შემოვიდა - გავგიჟდი!”

ჩეფერინი ანიელის შვილის ნათლიაა, ახლა კი მათი კარგი ურთიერთობა განადგურებულია: “ყველაზე ცუდი დღე შაბათი იყო, რადგან სწორედ შაბათს მივხვდი, რომ ეს ღალატი იყო. დიდი ღალატი! რამდენიმე ადამიანი წლების მანძილზე გვატყუებდა.”

უეფას პრეზიდენტისთვის სუპერლიგა უკვე მკვდარია - ის დაბადებისთანავე მოკვდა. ჩეფერინი ახლო მომავალში ამგვარი რევოლუციის მცდელობას აღარ ელოდება...

კომენტარები

ბოლო ამბები