Thumbnail
  • ფლორენტინო პერესი საეჭვო ბიოგრაფიის მქონე კაცია
  • მისმა სამშენებლო კომპანიამ ფული სამთავრობო კონტრაქტებით იშოვა
  • პერესის ახლო მეგობარი 8 წელი პრემიერ-მინისტრი იყო
  • ფლორენტინო კლუბს ერთპიროვნულად მართავს და ამიტომ ემტერება ყოფილ ლეგენდებს

კონსპირაციებზე, შეთქმულებებზე და სხვა ცოტა ‘ყვითელ’ რამეებზე წერა არასოდეს მიყვარდა - ჩემი საქმე არ არის. თუმცა, როცა ფლორენტინო პერესზე წერ, აუცილებლად მოგიწევს ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა მაფია, საეჭვო გარიგება, კორუფცია და ა.შ. 20 წელზე მეტია, პერესი არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია.

შესაბამისად, როცა სუპერლიგის იდეა გახმოვანდა და პერესმა ინტერვიუ მისცა, რომელშიც სუპერლიგით ფეხბურთის ხსნას პირდებოდა გულშემატკივარს, შეუძლებელია, ირონიულად არ გაგღიმებოდა. ფლორენტინო ყოველთვის მხოლოდ თავის ინტერესებზე ზრუნავს და კეთილშობილური იდეები და მიზნები მას არასოდეს აწუხებს.

ვინ არის პერესი? როგორ მივიდა აქამდე? რა არის მისი მოქმედების სტრატეგია? ამ კითხვებზე პასუხი გასაღებია იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მართავს ის რეალს და რა მიზნები ამოძრავებს.

ვინ არის პერესი

რეალის გარდა, ფლორენტინო ესპანეთის ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიის, ACS-ის პრეზიდენტია. კომპანიის წლიური ბრუნვა 40 მილიარდი ევროა, თავად პერესის პირადი ქონება კი მილიარდს აჭარბებს. როგორ მივიდა ის აქამდე? ფლორენტინოს საიდუმლო ძალიან მარტივი და პროზაულია - ის კონტაქტების კაცია. პერესის ბიზნესი არა ულტრათანამედროვე მიდგომებზე, სწორ მარკეტინგზე, ან მსგავს ბიზნეს-უნარებზე, არამედ უფრო მყარ საფუძველზე, გავლენიან ხალხთან მეგობრობაზე დგას. პრობლემა ის არის, რომ ‘ამ გავლენიან ხალხთან მეგობრობა’ კანონის ენაზე ხშირად კორუფციასთან ასოცირდება.

ეს ამბავი ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ დაიწყო. პერესს, თავად წვრილი ბიზნესმენის შვილს და რიგით მოხელეს ტრანსპორტის სამინისტროში, პოლიტიკაში წასვლა უნდოდა. ამ მიზნით ის იმ დროს რიგით, დაბალრეიტინგიან დემოკრატ-რეფორმატორების პარტიაში შევიდა. იქ შეხვდა ხოსე მარია ასნარს, რომელთანაც მალევე დამეგობრდა. ორივე მადრიდელები იყვნენ, წარჩინებული, ქალაქური ოჯახიდან მოდიოდნენ, ორივეს მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ - მემარჯვენეები იყვნენ და ნაწილობრივ ყოფილ დიქტატორ ფრანკოს თანაუგრძნობდნენ. რაც მთავარია, ორივე რეალის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო და მათთვის რეალი მადრიდის დანარჩენ ესპანეთზე დომინაციის სიმბოლოს წარმოადგენდა.

პერესი კონტაქტების კაცია

ფლორენტინო ფაქტზე არასოდეს დაუჭერიათ, თუმცა ის ხალხი, ვინც მას კარგად იცნობს, ამტკიცებს, რომ ის რასისტი არ არის, თუმცა კლოდ მაკელელე იმიტომ გაყიდა, რომ ფიქრობდა, რეალის ფორმას აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელები არ უხდებოდნენ. მოკლედ, ის საკმაოდ საეჭვო და რადიკალური შეხედულებების კაცია, თუმცა ჭკუა ჰყოფნის, რომ ამაზე ღიად არ ილაპარაკოს.

პერესის პოლიტიკური კარიერა ვერ შედგა, თუმცა მისი ყოფილი პარტიის ბაზაზე მომდევნო ათწლეულების ყველაზე გავლენიანი ესპანური პარტია - Partido Popular (სახალხო პარტია) შეიქმნა და 1996 წელს ეს პარტია ხელისუფლებაშიც მოვიდა, პრემიერმინისტრი და პარტიის ლიდერი პერესის ძველი მეგობარი, ხოსე მარია ასნარი გახდა.

ამ დროს, 1994 წლიდან, პერესი უკვე სამშენებლო ბიზნესშია და ACS-ის გენერალური დირექტორია. ასნარის და მისი მეგობრების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პერესი ესპანეთის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად იქცა. სახალხო პარტიის პრიორიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი იყო. სახელმწიფოს დაკვეთებს მუდმივად პერესი და მისი სამშენებლო კომპანია იგებდა. ხშირად ის კონტრაქტებს ტენდერის და კონკურენციის გარეშე სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე იღებდა. კანონის ენაზე ამას შეიძლება ნეპოტიზმი, კორუფცია ან სხვა მსგავსი რამ ერქვას, თუმცა ფლორენტინომდე კანონი არასოდეს მისულა. ამ წლებში მან დიდი ქონება დააგროვა, მისი კომპანია კი, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთებზე და ბიუჯეტის ფულზე მუშაობდა, ესპანეთის ყველაზე დიდ სამშენებლო კომპანიად იქცა.

დიდი ფულის შოვნასთან ერთად პერესს გაუჩნდა სურვილი, რომ თავის საყვარელ კლუბს, რეალს დაპატრონებოდა.

ფიგუს ამბავი

ეს 20 წლის წინანდელი ისტორიაა, თუმცა იმდენად აბსურდულად გამოიყურება, რომ გგონია, პრეისტორიულ ხანაში მოხდა. დღემდე არ მჯერა, როგორ შეიძლება მოსვლოდა ასეთი რამ იმ დროს პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს. ანუ, როგორ შეიძლება აღმოჩნდე ბარსელონადან რეალში შენივე სურვილის საწინააღმდეგოდ?!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფლორენტინომ 1995 წელს რეალის პრეზიდენტობის არჩევნები დაძაბულ ბრძოლაში წააგო. 2000 წლის არჩევნებისთვის პერესს კიდევ უფრო ცოტა შანსი ჰქონდა. ფავორიტი მოქმედი პრეზიდენტი ლორენცო სანსი იყო, რომლის 5-წლიანი მმართველობის პერიოდშიც მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგეს, მათ შორის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე - 2000 წლის მაისში.

პერესს რამე უნდა მოეფიქრებინა: მისი ხალხი ბარსას მთავარ ვარსკვლავთან, ლუიშ ფიგუსთან მივიდა და წელიწადში 6-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა (ბევრად მეტი, ვიდრე ფიგუ ბარსელონაში იღებდა), თანაც დაპირდა 2.5-მილიონიან ბონუსს ამ წინასწარ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის სანაცვლოდ. ფიგუ ბონუსს მაშინაც კი მიიღებდა, თუ პერესი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა და როგორც უკვე გითხარით, პერესს არჩევნების მოგების შანსი თითქოს არ ჰქონდა. ფიგუმ და მისმა მრჩევლებმა გადაწყვიტეს, რომ იოლი ბონუსი, 2.5 მილიონი ხელიდან არ გაეშვათ და მათთვის ამ ერთი შეხედვით, არაფრისმთქმელ ქაღალდს ხელი მოაწერეს. თან იმედი ჰქონდათ, რომ ამ წინასწარ ხელშეკრულებას ბარსელონაზე ზეწოლისთვის გამოიყენებდნენ და კატალონელებს ახალ კონტრაქტს მოსთხოვდნენ.

როგორც ზემოთ უკვე გითხარით, ეს ისტორია აბსურდულამდე იდიოტურია: ფიგუს აგენტი მისი მეგობარი ჟოზე ვეიგა იყო, რომელსაც დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა. მაგალითად, ფიგუს მხარემ კონტრაქტში არ ჩადო პირობა, რომ პერესს ამ ხელშეკრულების გამჟღავნება შეეძლო - დღეს ეს მიღებული პრაქტიკაა. პერესმა საინფორმაციო კამპანია იმ დაპირებით დაიწყო, რომ ბარსელონადან, რეალის მთავარი მეტოქისგან, ლუიშ ფიგუს წაიყვანდა. თავიდან მისი არავინ დაიჯერა, თუმცა პერესმა ფიგუს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აჩვენა. პერესმა საარჩევნო კამპანია სწორედ ამ დოკუმენტზე ააგო.

მთელი მისი კამპანია ორი დაპირებაზე იდგა - ფიგუს ყიდვა და კლუბის ვალების გადახდა. ფიგუს ამბავმა მთელი მადრიდი მოიცვა და აგრესიულმა საინფორმაციო კამპანიამ აუტსაიდერ პერესს არჩევნები მოაგებინა.

დიეგო ტორესი, 'ელ პაისის' ჟურნალისტი: "პერესის დაპირებამ რეალის გულშემატკივარს თავგზა აუბნია. მათ სანსი და მისი მოგებული ტიტულები აღარ ადარდებდათ. ყველას ის აინტერესებდა, გაანადგურებდა თუ არა პერესი ერთი ტრანსფერით ბარსელონას."

ფიგუ დიდ უსიამოვნებაში აღმოჩნდა. თვეების განმავლობაში მის სახელს რეალის საარჩევნო კამპანიაში იყენებდნენ და მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ურთიერთობა დაეძაბა კლუბთან და გულშემატკივართან. მაშინაც კი, როცა პერესმა არჩევნები მოიგო, ფიგუს ბარსას დატოვება არ უნდოდა, თუმცა მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც მის აგენტებს გაეპარათ - რეალში არგადასვლის შემთხვევაში, მას მადრიდელთათვის 35-მილიონიანი კომპენსაცია უნდა გადაეხადა.

მას თავის დახსნის ერთი გზა მაინც ჰქონდა: შეეძლო ეთქვა, რომ მოატყუეს და კონტრაქტზე პასუხისმგებლობა და ჯარიმის გადახდა თავის აგენტისთვის დაეკისრებინა. თუმცა ჟოზე ვეიგა მისი ახლო მეგობარი იყო და ფიგუც ამ გზით არ წავიდა. ასე აღმოჩნდა ის მადრიდში მისივე სურვილის წინააღმდეგ. პერესმა ჭკუაში ყველა მოატყუა - რეალის გულშემატკივარი, ლორენცო სანსი, ბარსელონა და ფიგუ.

პაოლო ფუტრე, ფიგუს მეგობარი, პორტუგალიის ნაკრები: "არჩევნებამდე სამი დღით ადრე ფიგუ მიხვდა, რა შარში იყო. მან გვითხრა, რომ რეალში წასვლას არ აპირებდა. არავის, არც მე, არც ვეიგას არ გვჯეროდა, რომ პერესი არჩევნებს მოიგებდა. როცა გაიმარჯვა, ვეიგა ატირდა - ან ფიგუ მიდიოდა რეალში, ან ვიხდიდით 35 მილიონს.’

ლუიშ ფიგუს პრეზენტაცია რეალში

სხვათა შორის, პერესმა მისი მეორე პირობაც შეასრულა და რეალის ვალები, რაც 500 მილიონამდე ადიოდა, გადაიხადა. ამისთვის მან მისთვის ჩვეული მაქინაცია ჩაატარა. რეალის ბაზა 148 ჰექტარს მოიცავდა და ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. როდესაც ეს ტერიტორია 60-იან წლებში რეალს მისცეს, მაშინ ის გარეუბანი იყო და დიდი ფასი არ ჰქონდა. თუმცა 90-იანებში, ქალაქის ზრდის პარალელურად, უკვე ცენტრად მიიჩნეოდა და ეკონომიკურად მნიშვნელოვან ადგილზე იყო განთავსებული, ბიზნეს-კვარტლის გვერდით. ამ ბაზის გაყიდვა რეალს აქამდეც უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდა, რადგან მყიდველს მისი სტატუსის შეცვლა არ შეეძლო და იმ ადგილზე აუცილებლად სპორტული ინფრასტურქტურა უნდა განევითარებინა. პერესი ეშმაკურად მოიქცა - ქალაქის მმართველობაში მისი მეგობარი პოლიტიკოსები იყვნენ და მანაც მათ ამ ტერიტორიის სტატუსი შეაცვლევინა. ანუ, ახალ მყიდველს უკვე შეეძლო, ეს ტერიტორია თავისი სურვილის მიხედვით გამოეყენებინა - სპორტული ინფრასტრუქტურის აგების ვალდებულება აღარ ჰქონდა. მიწა გაიყიდა 480 მილიონად და ის კომერციული მიზნებისთვის გამოიყენეს. იქ ბიზნეს ცენტრი ააშენეს (ოთხიდან ორი კორპუსი საერთოდაც პერესის კომპანიამ ააშენა). პერესის მოქმედების სტრატეგია ისევ მარტივი, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდა.

კანონის მიხედვით, ამ პროცედურებს სულ მცირე 2 წელი სჭირდებოდა, თუმცა ფლორენტინომ თავისი კონტაქტების წყალობით, ის სულ რამდენიმე თვეში მოაგვარა და შემდეგ ესპანეთში მუდამ ამტკიცებდნენ, რომ ეს ხელშეკრულება უკანონო იყო.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ფლორენტინო წინა, 1995 წლის არჩევნებზე ამტკიცებდა, ამ მიწის და ბაზის გაყიდვა არაფრით შეიძლებაო, მომდევნო არჩევნებზე კი საპირისპირო გააკეთა.

სამთავრობო გუნდი

სახალხო პარტიის მმართველობის პერიოდში რეალი სამთავრობო გუნდი იყო - მის თამაშებზე პერესის ლოჟაში მუდამ ნახავდით პოლიტიკურ და ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებს. ეს არცაა გასაკვირი - სახალხო პარტიას ცენტრისტული ხაზი ჰქონდა და ყველა ხერხით ებრძოდა კატალონურ თუ ბასკურ სეპარატიზმს. წლების წინ ხოსე მარია ასნარი, ბასკური ტერორისტული ორგანიზაციის ‘ეტას’ თავდასხმის სამიზნეც იყო. რეალიც ამ დომინაციის სიმბოლო იყო. პერესის მმართველობის პირველ წლებში რეალმა ბარსა აშკარად დაჩაგრა.

2004 წელს სახალხო პარტიამ არჩევნები წააგო, თუმცა პერესის პოზიციები არ შერყეულა. მას უკვე მრავალმილიარდიანი კომპანია ჰქონდა და დამოუკიდებლად, პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე არსებობაც შეეძლო. არჩევნების შემდეგ, პერესი ესპანეთზე მეტად საგარეო ბაზარზე კონცენტრირდა. პერესის კომპანია ძირითადად განვითარებად ქვეყნებში მუშაობს - როგორც ოპონენტები ამბობენ, ეს იმიტომ, რომ ამ ტიპის ქვეყნებში პერესს იოლად გამოსდის ‘საკუთარი სტილით’ ბიზნესის კეთება - სამთავრობო კონტრაქტების მიღება კორუფციის და პირადი კონტაქტების წყალობით.

ფლორენტინო კოლუმბიაში, რეალის სკოლაში

პირადი კონტაქტებისთვის პერესი აქტიურად იყენებს რეალს. რეალის პრეზიდენტობა მას თითოეულ ქვეყანაში სასურველ სტუმრად აქცევს. განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში, სადაც პერესი თავისი ბიზნესის დიდ ნაწილს აკეთებს. ოპონენტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ფლორენტინო ტრანსფერებს ცალკეულ ქვეყნებში რეალის და მისი საკუთარი ბიზნეს-იმიჯის გასამყარებლად იყენებს. ამის მაგალითად, ხამეს როდრიგესის ტრანსფერს ასახელებენ. კოლუმბიაში პერესმა 700-მილიონიანი სახელმწიფო კონტრაქტი მიიღო. კოლუმბიაში, სადაც სახელმწიფო მშენებლობების ბუმია, პერესმა რეალის რამდენიმე საბავშვო სკოლაც გახსნა.

პერესი და ფეხბურთი

არიგო საკიმ რეალში ‘გალაქტიკოსების’ ეპოქაში სულ ცოტა ხანი იმუშავა და იხსენებდა, რომ ერთხელ, როდესაც ფლორენტინოს მისი ოცნების გუნდის ჩამოთვლა სთხოვა, ბექჰემი იქ მარჯვენა მცველი იყო, ზიდანი საყრდენი ნახევარმცველი. მოკლედ, ფლორენტინო ფეხბურთის დეტალურად მცოდნე არ არის. ის ამით განსხვავდება მაგალითად სილვიო ბერლუსკონისგან, რომელსაც შეუძლია, თავის მწვრთნელს დაურეკოს და ტაქტიკურ დეტალებზე საათები ესაუბროს, ან ანდრეა ანიელისგან, რომელიც ბავშვობიდანვე კლუბის სტრუქტურაში გაიზარდა, ფეხბურთი შიგნიდან იცის და ფეხბურთელებთან მეგობრობს.

ფლორენტინი პირველ რიგში ბიზნესმენია. სულ რაღაც სამ წელიწადში მან რეალის შემოსავალი 3 მილიარდიდან 12 მილიარდამდე გაზარდა. ის ფეხბურთს ყველაზე უკეთ აღიქვამს მარკეტინგული და ბიზნეს-პერსპექტივიდან. ‘გალაქტიკოსების’ გუნდმა მას სახელიც მოუტანა და გამოცდილებაც. ის გუნდი შიგნიდან დაიშალა - ფეხბურთელებს ზედმეტად დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, არ ვარჯიშობდნენ, მწვრთნელებს ხსნიდნენ, ერთმანეთს ემტერებოდნენ და ფეხბურთზე მეტ დროს გართობას უთმობდნენ. ფლორენტინო მიხვდა შეცდომას და თავისი ნებით წავიდა.

პერესი და მისი ვარსკვლავური შენაძენები

მისი მეორედ მოსვლის შემდეგ კი მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვია - რეალი კარგად ორგანიზებული კლუბია. მას აქვს უნარი, დაინახოს და იპოვოს სწორი ადამიანები და ფსონი მათზე გააკეთოს - ასე მოხდა კრიშტიანოს, სერხიო რამოსის, ზიდანის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, რეალი ფლორენტინოს ეპოქაში ყველაზე წარმატებული კლუბია მსოფლიოში.

დიქტატორი

სულ ორიოდე კვირის წინ პერესმა მორიგი არჩევნები მოიგო. რა თქმა უნდა, მოიგებდა, კონკურენტი არ ჰყოლია - არჩევნები ფორმალობა იყო. იმ ფონზე, როდესაც ბარსელონაში არჩევნების დროს სხვადასხვა კანდიდატი ერთმანეთს ღია, საარჩევნო კამპანიაში უპირისპირდება, პერესმა მადრიდში ფაქტობრივი დიქტატურა დაამყარა. მან ისე შეცვალა საარჩევნო წესები, რომ სხვა მსურველები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ - კანდიდატებიც კი ვერ ხდებიან. რეალის პრეზიდენტობა ვისაც სურს, კლუბის წევრობის 20-წლიანი გამოცდილება (ადრე 10 წელი იყო) და ანგარიშზე კლუბის მთელი ბიუჯეტის 15 პროცენტი უნდა ჰქონდეს და ეს მისი საკუთარი ფული უნდა იყოს, არა ნასესხები, ან საბანკო გარანტია, ან მესამე პირის ინვესტიცია (როგორც ბარსელონაშია). პერესმა ეს წესები თითქოს იმიტომ შეცვალა, რომ რეალი ‘შეიხებმა არ იყიდონ’, პრაქტიკაში კი ისე გამოდის, რომ ამ კრიტერიუმებს მხოლოდ თვითონ აკმაყოფილებს და ყველა არჩევნებს უკონკურენტოდ იგებს.

მას საწინააღმდეგო აზრის მოსმენა არც სტადიონზე უყვარს: დაშალა რეალის რამდენიმე ფანკლუბი, რომელიც მას აკრიტიკებდა და შექმნა ახალი, საკუთარი ფანკლუბი, რომელიც მაშინვე სტვენას იწყებს და ხმას ახშობს, როდესაც სტადიონი პერესის წინააღმდეგ სკანდირებას იწყებს. ასევე მოიქცა ის გულშემატკივრის ანსამბლეის შემთხვევაში და ის თავისი მომხრეებით დააკომპლექტა.

ფლორენტინოს ძალიან არ უყვარს, თუ კლუბის ერთპიროვნულ მმართველობას ვინმე თავისი ავტორიტეტით საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, ის განსაკუთრებით ემტერება ვეტერან ლიდერებს. რაული ჩუმად წავიდა, მას ძალიან ავტორიტეტული ფერნანდო იერო მიჰყვა, რომელიც ერთადერთი იყო კლუბში, ვისაც ფლორენტინოსთვის ღიად საყვედურის თქმა შეეძლო (ასე მოხდა, მაგალითად, როცა დელ ბოსკე გაუშვეს).

ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მოტივი იკერ კასილასის გაშვების დროსაც. ბოლო, ვისაც ფლორენტინო ჯერ კიდევ ვერ მოერია, სერხიო რამოსია. მოურინიო მის შესახებ დაწერილ წიგნში საინტერესო რამეს ყვება: "2015 წელს პერესმა დაბრუნება მთხოვა. მითხრა, რომ საჭიროა ისეთი თავხედი ფეხბურთელები გავუშვა, როგორებიც კასილიასი, რამოსი, მარსელო და პეპე არიან. მე ვუპასუხე, რომ ეს უკვე გვიანია."

მოურინიო, რომელსაც კლუბის მართვის ასევე ავტორიტარული სტილი აქვს, ვერ ეგუებოდა გასახდელში ძალიან გავლენიან კასილიასს და რამოსს. იკერის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ მან დაიწყო, თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს პერესის ნებართვით მოხდა. ჟოზეს წასვლის შემდეგაც იკერის მდგომარეობა გუნდში არ გაუმჯობესებულა. პერესს აწყობდა მოურინიოს ხელით იკერის გაშვება. სერხიო რამოსის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულად არის.

პერესს რამოსი არიგო საკიმ აყიდინა

სერხიო მადრიდიზმის მთავარი სიმბოლოა და ატლეტიკოსთან ფინალში გატანილი გოლის შემდეგ ის სამუდამოდ რეალის ლეგენდაა. მას აღმერთებს გულშემატკივარი და რაულის ან კასილიასისგან განსხვავებით, ვერ დააბრალებ, რომ ფორმა დაკარგა - ასაკშიც კი ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. სწორედ ამიტომ, აქ მთავარი პრობლემა ახალი კონტრაქტის რამდენიმე მილიონი კი არა, ძალაუფლების გადანაწილებაა. ძალიან საეჭვოა, რეალმა რამოსს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ფლორენტინოს გულის სიღრმეში მისი გაშვება უნდა, თუმცა პრობლემა ის არის, რომ სერხიო მას საინფორმაციო ომს უგებს - პრესა და გულშემატკივარი მის მხარეზეა. რამოსის დისკრედიტაცია არაფრით გამოდის. იგივე ჩუმი იკერისგან განსხვავებით, რამოსს კარგად ეხერხება პრესასთან და გულშამტკივართან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერის მოპოვება.

არადა, ფლორენტინოს ახსოვს, რომ სერხიომ ჩააგდო რეალში ანტონიო კონტეს დანიშვნაც, როცა ჯერ კიდევ მოლაპარაკებების სტადიაში იტალიელის წინააღმდეგ განაწყო ჯერ მთელი გუნდი და შემდეგ კი ამ ამბავმა პრესაში გაჟონა. კონტეს დანიშვნაც პერესს უნდოდა. სწორედ ამიტომ, ფლორენტინო უფრო ნაყიდ, უცხოელ ვარსკვლავებს წყალობს, ვიდრე ადგილობრივებს. 

პერესს ისიც ახსოვს, რომ სერხიო ერთადერთია, ვინც მას ღიად, მთელი გუნდის თვალწინ უბრუნებს სიტყვას - ასე მოხდა მაგალითად აიაქსთან 1:4-ის შემდეგ, როცა პერესის კრიტიკას რამოსმა გასახდელში ასე უპასუხა: "გადამიხადე, რაც ამ გუნდისთვის გამიკეთებია და წავალ". პერესს ამჯერად პასუხი არ ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები