Thumbnail
  • ალეკსანდერ ჩეფერინი უკან დახევას არ აპირებს და კლუბებს აფრთხილებს
  • რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი და მილანი საფრთხის წინაშე არიან

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი უკან დახევას არ აპირებს და სუპერლიგაში ჯერ კიდევ შემავალ კლუბებს ისევ ემუქრება. სლოვენიელმა AP-თან საუბარში თქვა, რომ ოთხ კლუბს, რომელთაც ამ დროისთვისაც არ გაუკეთებიათ განცხადება სუპერლიგიდან გამოსვლაზე, უეფას ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი და მილანი - ეს არის 4 კლუბი, რომელიც ამ დრომდე სუპერლიგიდან გამოსვლაზე განცხადებას არ აკეთებს და ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს პროექტის ორგანიზებას. უფრო მეტიც, ბარსელონამ ჯერ კიდევ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერლიგაში რჩება. ამდენად, ჩეფერინი დათმობაზე წასვლას არ აპირებს:

"ნათელია, რომ კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ, სუპერლიგაში არიან თუ უეფაში. თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენ სუპერლიგა ვართ, მაშინ რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგასა და ჩვენს ტურნირებზე ვერ ითამაშებენ. თუ ამ ნაბიჯისთვის მზად არიან, შეუძლიათ თავიანთ შეჯიბრში ითამაშონ. ჩვენი ტურნირები ფანტასტიკური იქნება ამ ოთხი გუნდის გარეშეც. ჩემთვის განსხვავებაა იმ კლუბებს შორის, რომლებმაც აღიარეს თავიანთი შეცდომა და თქვეს: "ჩვენ პროექტს ვტოვებთ" და დანარჩენ კლუბებს შორის, რომლებმაც კარგად იციან, რომ პროექტი მოკვდა, მაგრამ ალბათ ამის დაჯერება არ სურთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში თუ ვინმე აღმოჩნდება ეგოისტი და კვლავ სუპერლიგის შექმნას დააპირებს, მაგალითი აქვთ - ერთხელ უკვე სცადეს და ვერაფერი მოახერხეს!".

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგა 18 აპრილს 12-მა კლუბმა დაარსა, მაგრამ მალევე 6 ინგლისური გუნდი პროექტიდან გავიდა, რასაც ატლეტიკოსა და ინტერის მხრიდან იგივე ნაბიჯი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ 12-ვე კლუბი ხელშეკრულებით ჯერ კიდევ სუპერლიგაშია და ესპანური მედიის ცნობით, კონტრაქტის გასაწყვეტად 150-300 მილიონ ევრომდე კომპენსაციაც უნდა გადაიხადონ. თუმცა, ჩეფერინი განსხვავებას იმაში ხედავს, რომ ინგლისურმა კლუბებმა, ატლეტიკომ და ინტერმა შეცდომა აღიარეს, ხოლო 4 კლუბი პროექტს ამ დრომდე მხარს უჭერს.

კომენტარები

ბოლო ამბები