Thumbnail

ბექაური მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია - IJF-ის ახალი რეიტინგი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლაშა ბექაურის წინსვლა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კლასიფიკაცია განაახლა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ევროპის ჩემპიონატის, აზია-ოკეანეთისა და პანამერიკული ჩემპიონატების დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ცვლილებები საქართველოს ნაკრების წევრებსაც შეეხოთ. მათ შესახებ წონების მიხედვით მოგახსენებთ.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ლუხუმ ჩხვიმიანს აქვს, რომელიც 3 792 ქულით მეთორმეტეა, თემურ ნოზაძეს (3 420) მე-16 პოზიცია უკავია, მოწინავე ასეულში კი ამირან (2 475) და ჯაბა პაპინაშვილებსაც (1 026) ვხედავთ. ამ წონაში მოწინავე ხუთეული ასეული ასე გამოიყურება: 1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია, 7 350), 2. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია, 5 970), 3. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი, 5 718), 4. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი, 5 501), 5. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი, 5 243).

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა (5 885) ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი კი მოიპოვა, თუმცა, მეორედან მესამე პოზიციამდე დაქვეითდა, ლიდერობა ევროპირველობის გამარჯვებულ მანუელ ლომბარდოს (იტალია, 6 292) ერგო, მეორეზე კი სამხრეთკორეელმა ბაულ ანმა (6 165) გადაინაცვლა. ხუთეულში არიან იაპონელები – ჰიფუმი აბე (5 530) და იოშირო მარუიამაც (4 950). საქართველოს ნაკრების წევრთაგან ამ წონაში ასეულში ბაგრატ ნინიაშვილიც (2 439) ფიგურირებს.

ვარლამ ლიპარტელიანი წონაში პირველობას ინარჩუნებს

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-12 საფეხურს ინარჩუნებს ლაშა შავდათუაშვილი (3 985), ასეულში კი ალეკო მამიაშვილი (660, 69-ე), ნუგზარ ტატალაშვილი (500, 84-ე) და ფრიდონ გიგანიც (474, 87-ე) არიან. საუკეთესო ხუთეული ასე გახლავთ დაკომპლექტებული: 1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია, 7 639), 2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი, 6 725), 3. ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა, 5 707), 4. ცოგნბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი, 4 888), 5. არტურ მარგელიდონი (კანადა, 4 854).

81 კგ-ში მოწინავე ხუთეულის შემადგენლობა არ შეცვლილა: 1. მატიას კასე (ბელგია, 7 194), 2. საგი მუკი (ისრაელი, 7 154), 3. ვედატ ალბაირაკი (თურქეთი, 6 392), 4. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო, 5 571), 5. ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები, 5 130). ქართველ ძიუდოისტთაგან მოწინავე ასეულში არიან ლუკა მაისურაძე (3 560, მე-17) და ვლადიმერ ახალკაციც (933, 54-ე). 

მსოფლიო კლასიფიკაციის საუკეთესო სამეულში პირველად შეაღწია 20 წლის ლაშა ბექაურმა, რომელიც გასული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ლაშას 5 782 ქულა მოუგროვდა და რეიტინგში მხოლოდ ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილსა (8 311) და ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს (6 709) ჩამორჩება, კვალში კი მას უნგრელი კრისტიან ტოტი (5 320) და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი (5 185) უდგანან. მე-3 საფეხურზე აინაცვლა ბექა ღვინიაშვილმა (5 141), რომელმაც ბექაურთან ევროპირველობის ფინალი წააგო, ავთანდილ ჭრიკიშვილი (1 583) 37-ეა, გიორგი პაპუნაშვილი (1 322) – 44-ე, ხოლო უშანგი მარგიანი (1 111) – 52-ე.

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციის სათავეში იმყოფება, ვარლამ ლიპარტელიანია. ნაკრების კაპიტანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 7 086 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს. ხუთეულში რჩებიან ებრაელი პეტერ პალჩიკი (6 497), ნიდერლანდელი მიხაელ კორელი (6 138), იაპონელი აარონ ვოლფი (5 920) და რუსი ნიიაზ ილიასოვი (5 492). 31-ე პოზიციაზე აინაცვლა ილია სულამანიძემ (2 026), ონისე სანებლიძე (1 172) 49-ეა, ხოლო ლაშა ტაველური (498) – 73-ე.

მძიმე (+100 კგ.) წონით კატეგორიაში 6 163 ქულით მე-4 ადგილი შეინარჩუნა ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა გურამ თუშიშვილმა. მის წინ იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა (6 930), ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (6 671) და რუსი ინალ ტასოევი (6 469) არიან, ხუთეულს კი ნიდერლანდელი ჰენკ გროლი (5 225) აგვირგვინებს. მოწინავე ასეულში კიდევ 5 ქართველი ძიუდოისტია: 9. გელა ზაალიშვილი (4 703), 22. ლევან მატიაშვილი (2 656), 58. საბა ინანეიშვილი (612), 61. ონისე ბუღაძე (547), 78. ადამ ოქრუაშვილი (340). 

ქალთა რეიტინგში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) 1786 ქულით 30-ეა, ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) 3 034 ქულით მე-16 პოზიცია უკავია, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) 693 ქულით 51-ეა, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი 148 ქულით – 89-ე.

კომენტარები

ბოლო ამბები