Thumbnail
  • 1 ქართველი ფინალშია, ორნიც მე-3 ადგილებისთვის იბრძოლებენ
  • გადამწყვეტი ორთაბრძოლები დღეს 20:00 საათზე დაიწყება

დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბოლო მედლებს გაითამაშებენ და კვარცხლბეკზე ასვლის შანსი სამ ქართველ სპორტსმენს აქვს.

ოქროს მედლისთვის იბრძოლებს სანდრო ამინაშვილი (86 კგ.), რომელმაც გუშინ იტალიელი სიმონე იანატონი (11:0), პოლონელი სებასტიან იეჟიერზანსკი (5:1) და ბელარუსი ალი შაბანაუ (3:2) დაამარცხა, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი რუს არტურ ნაიფონოვთან ელის.

ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ახმედნაბლი გვარზატილოვს გაეჯიბრება ბექა ლომთაძე (61 კგ.), რომელმაც გუშინ გზიდან ბელარუსი დიმჩიკ რინჩინაუ (12:0) და მოლდოველი ლეომიდ კოლესნიკი (14:8) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი უკრაინელ ანდრიი ჯელეპთან 3:5 წააგო.

სანდრო ამინაშვილს ევროპირველობის ფინალში ვიხილავთ
📷 | საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

მძიმე წონაში ასევე ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს გენო პეტრიაშვილს (125 კგ.), რომელმაც ევროპირველობის საწყის რაუნდშივე თურქ ტაჰა აკგულთან 1:6 წააგო, თუმცა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადაერთო და დღეს, პოლონელი ტომაშ კოშჩიოლეკი 9:0 დაამარცხა. გენოს ბოლო მოწინააღმდეგე ბელარუსი ძიანის ხრამიანკუ იქნება.

სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორობის შანსი დაკარგა ავთანილ კენჭაძემ (74 კგ.), რომელმაც გუშინ სერბი ჰეტიკ ცაბოლოვი (10:7) და ესტონელი აიმარ ანდრუსე (13:8) დაჯაბნა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ ტაიმურაზ სალკაზანოვთან (სლოვაკეთი) 5:6 წააგო. ამგვარად, დღეს კენჭაძე რეპეშაჟში ჩაერთო, სადაც მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 4-გზის ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ფრენკ ჩამიზოსთან (იტალია) 2:8 წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს და მის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ სპორტ 3 გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში ბრინჯაოს 2 მედალია. ნიკა კენჭაძემ (79 კგ.) გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ არმან ავაგიანს 10:0 მოუგო, ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) კი აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს 5:0 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები