Thumbnail
  • ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ
  • რეპეშაჟში გადასვლის შანსი რჩებათ ბექა ბუჯიაშვილსა და შმაგი თოდუას

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ და 5 წონიდან ორში ქართველ სპორტსმენებს ნახევარფინალში ვიხილავთ.

79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ მერვედფინალში უკრაინელ ვალენტინ ბაბიის 10:5 სძლია, მეოთხედფინალში კი რუს მალიკ შავაევთან ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და ბოლო წამებზე 4:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ნიკა 2:3 მარცხდებოდა და 4-ქულიანი გდება განახორციელა, რუსებმა ბევრი აპროტესტეს და მსაჯებს შეფასება 2 ქულამდე ჩამოაყვანინეს, თუმცა, შავაევის დასამარცხებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ნახევარფინალში კენჭაძის მეტოქე სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ახსარბეკ გულაევი იქნება. ფინალის მე-2 საგზურისთვის ფრანგი საიფედინ ალეკმა და აზერბაიჯანელი რაშად იუსიფილი იბრძოლებენ.


დილის სესია წარმატებულად განვლო ელიზბარ ოდიკაძემაც (97 კგ.), რომელმაც გზიდან მაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვი და ბელარუსი ალიაკსანდრ ჰუშტინი ჩამოიცილა. პირველ შემთხვევაში, ქართველი მოჭიდავის უპირატესობა აშკარა იყო (5:0), მეოთხედფინალში კი, ელიზბარმა 2:2-ზე დამატებითი მაჩვენებლის წყალობით იმარჯვა. ოდიკაძის მომდევნო მეტოქე თურქი სულეიმან კარადენიზი იქნება, მე-2 ნახევარფინალში კი პოლონელი რადოსლავ ბარანი და რუსი ალიხან ჟაბრაილოვი იჭიდავებენ.


ბრინჯაოს მედლისთვის გაბრძოლების შანსი აქვთ ბექა ბუჯიაშვილსა (57 კგ.) და შმაგი თოდუას (65 კგ.) და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იმ მოჭიდავეებმა, რომლებთანაც ქართველი ფალავნები მეოთხედფინალში დამარცხდნენ, ფინალში გასვლასაც მოახერხებენ.

ბუჯიაშვილმა მეოთხედფინალში ბულგარელ სალიმ ნაიმთან 5:9 წააგო, ხოლო თოდუამ საწყის რაუნდში ფრანგი ქუენტინ სტიკერი 8:4 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადესთან 4:9 წააგო. დღესვე დავით ტლაშაძე (70 კგ.) პირველივე ორთაბრძოლაში ჰაიდარ იავუზთან 0:10 დამარცხდა და ვინაიდან შემდეგ თურქმაც წააგო, ქართველი მოჭიდავე სანუგეშო რაუნდს მიღმა დარჩა.

დღეს, ნახევარფინალური ორთაბრძოლები სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს და მის პირდაპირ ტრანსლაცია სილქ სპორტ 2 გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები