Thumbnail
  • ჰანსი ფლიკს მიუნხენის ბაიერნიდან წასვლა სურს
  • ეს ფაქტი რეკორდმაისტერის იმიჯს ძალიან ლახავს
  • საქმე მხოლოდ სალიჰამიჯიჩთან კონფლიქტს არ ეხება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნიდან მიდის, ბავარიული გრანდის კონკურენტები (როგორც გერმანიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ) ალბათ ძალიან გახარებულები არიან, რადგან რეკორდმაისტერმა, რომელიც ფლიკის ხელში უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა, როგორღაც მოახერხა და საუკეთესო, სრულყოფილ მწვრთნელს კარგავს!

ის ფაქტი, რომ იუპ ჰაინკესისა და ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ ყველაზე წარმატებული და პოპულარული მწვრთნელი თანამდებობას სულ რაღაც 20 თვის შემდეგ თავისი სურვილით ტოვებს, ბაიერნის იმიჯს იმაზე მეტად ლახავს, ვიდრე ეს მიუნხენური გრანდის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს წარმოუდგენია. ფლიკი, სწორედ მასთან მუდმივი უთანხმოების შედეგად მიდის. ეს ყველაფერი ალბათ არ მოხდებოდა, რეკორდმაისტერის გულშემატკივრებს ფლიკისთვის მხარდაჭერის გამოცხადების საშუალება მხოლოდ ინტერნეტში კი არა, ყველა საშინაო თამაშზე, ‘ალიანც არენის’ ტრიბუნებიდანაც რომ ჰქონოდათ.

ჰანსი ფლიკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბაიერნიდან წასვლა სურს

წელიწადზე მეტია, რაც ფლიკს და სალიჰამიჯიჩს კონფლიქტი აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგეს ეტყობოდა, რომ ის ყველაფერს აკეთებდა ფლიკის შესანარჩუნებლად. მაგრამ რუმენიგე თავის თანამდებობას მალე დატოვებს, მის ნაცვლად კი ოლივერ კანი დაინიშნება, რომელიც, როგორც ჩანს, სალიჰამიჯიჩს უჭერს მხარს.

მიუნხენური გრანდის იმიჯისა და მომავლისთვის აშკარად სარისკოა ის თამაში, რომელსაც სალიჰამიჯიჩისა და კანის დუეტი თამაშობს. ზედიზედ მე-9 ჩემპიონობა გარდაუვალია, მომავალ მწვრთნელს კი, თუ გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდა, მაშინვე წასვლა მოუწევს და მასთან ერთად გასაშვებები იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც მას შეარჩევენ.

ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ბაიერნის გულშემატკივრებს ფლიკის წასვლით მიღებულ დარტყმას დაავიწყებდა და საყოველთაო აღფრთოვანებას გამოიწვევდა, იურგენ კლოპია. მაგრამ ეს უკანასკნელი ახლა მიუწვდომელია. ფავორიტი იულიან ნაგელსმანია, რომლის ბაიერნში დანიშვნა მართლაც საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა, მაგრამ აქვს კი ბავარიულ გრანდს იმის უფლება, რომ კორონა-კრიზისში ექსპერტიმენტს მიმართოს? ფაქტი ერთია: ახალი მწვრთნელის საძებნელად ბაიერნი ამაზე ცუდ დროს ვერ შეარჩევდა!

ფლიკი შესაძლოა არ იყოს უკანასკნელი, ვისი ბაიერნიდან წასვლაც ფანებს ძალიან გაანაწყენებს

ჰანსი ფლიკის წასვლა გაურკვევლობას იწვევს გუნდშიც. მანუელ ნოიერს, რობერტ ლევანდოვსკის და თომას მიულერს მიაჩნიათ, რომ ბაიერნის ბოლოდროინდელი წარმატებული ეპოქა დიდ საფრთხეშია. სულ მალე თავიანთ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ლეონ გორეტცკამ, იოზუა კიმიხმა და სერჟ გნაბრიმ. თუკი კანი და სალიჰამიჯიჩი ახალი მწვრთნელის შერჩევისას შეცდებიან, ფლიკი არ იქნება უკანასკნელი, ვისი ბაიერნიდან წასვლაც ფანებს ძალიან გაანაწყენებს.

ფაქტია ისიც, რომ მომავალი ბოსი ოლივერ კანი სწორედ ახლა უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და გააქტიურდეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ რეკორდმაისტერის შეფის სტატუსს იმსახურებს.

კრიტიკას იმსახურებს თავად ფლიკიც და კონკრეტულად იმის გამო, რომ ხელშეკრულების ერთგული არ დარჩა. ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე, საჯაროდ წასვლის სურვილის გამოხატვა დადებითად ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება და შესაძლოა, ამით მან რუმენიგეს ნდობაც დაკარგოს.

მოკლედ, ფლიკი ბაიერნიდან მიდის და ეს არ არის მშვიდობიანი დაშორება. არც ისაა გამორიცხული, რომ ბაიერნმა ფლიკი გაუშვას, მაგრამ კონტრაქტიდან გამომდინარე ხელფასი მაინც უხადოს, სანაცვლოდ კი ახლავე გერმანიის ნაკრებში დანიშვნა აუკრძალოს.

კეთილი ფლიკი და ბოროტი სალიჰამიჯიჩი?

გერმანული მედია დღეს უკვე აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ნარატივი, რომლის მიხედვითაც ჰანსი ფლიკი კეთილია, ჰასან სალიჰამიჯიჩი კი ბოროტი, სიმართლეს სრულად არ შეესაბამება.

ფლიკსა და სალიჰამიჯიჩს შორის დიდი ხანია, უთანხმოებაა

სხვადასხვა გერმანული გამოცემების ცნობით, 56 წლის ფლიკი ბაიერნის მთლიან პროექტს მანამდე აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ, სანამ სალიჰამიჯიჩთან ურთიერთობა გაუფუჭდებოდა. შარშან, როცა რეკორდმაისტერის შეფებს მისი დროებითი მწვრთნელის სტატუსის შეცვლა და მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სურდათ, ფლიკი ამაზე უარის თქმას და მხოლოდ სეზონის ბოლომდე დარჩენას აპირებდა. მერე, კორონა-კრიზისმა და ყველა ტურნირის მოგებამ გადაწყვეტილება შეაცვლევინა. შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე 2023 წლამდე და ფლიკს ახლა სწორედ ამ კონტრაქტის გაწყვეტა სურს.

ჰანსი ფლიკი ბაიერნიდან მარტო იმიტომ არ მიდის, რომ სალიჰამიჯიჩთან უთანხმოება აქვს. არც მარტო იმიტომ, რომ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო იყო და არის. ჰანსი ფლიკის ბაიერნიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ უფრო საინტერესო და შესაძლოა, ერთადერთი კარიერული შანსი აქვს - გახდეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი!

კომენტარები

ბოლო ამბები