Thumbnail

ევროპის 12-მა გრანდმა უეფასგან დამოუკიდებელი, საკუთარი ტურნირის, სუპერლიგის შექმნა გადაწყვიტა, რაც თორმეტივე ტოპ-კლუბმა დაადასტურა. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის რეფორმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე. საფეხბურთო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები პროექტს მკაცრად აკრიტიკებენ.

სუპერლიგა, რომელიც მთავარ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას რადიკალურად შეცვლის, ისეთმა მდიდარმა და გავლენიანმა გრანდებმა დააარსეს, როგორებიც არიან ბარსელონა, რეალ მადრიდი, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი და ა.შ.

'გადაიყვანეთ ეს გუნდები ცხრილის ბოლოში, ჩამოართვით მათ ყველა ქულა და ფულიც!'

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ინიციატივას უკიდურესად კრიტიკულად გამოეხმაურა, მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ. ძალიან კრიტიკულები არიან გარი ნევილი და დენი მერფიც.

“გადაიყვანეთ ეს გუნდები ცხრილის ბოლოში, ჩამოართვით მათ ყველა ქულა და ფულიც! რაც მათ გააკეთეს, კრიმინალია! ეს არის კრიმინალური აქტი ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ!” - განაცხადა იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა Sky-სთან.

გარი ნევილი იმ ინგლისური გრანდების დასჯას ითხოვს, რომლებიც სუპერლიგის პროექტში მონაწილეობენ

მანვე დასძინა, რომ ფეხბურთის განვითარებისა და მოდერნიზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ: “ასეთი საქციელი და მცდელობები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ასეთ ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც ყველა კლუბს ეხება, აბსოლუტური სკანდალია!”

ნევილს მიაჩნია, რომ მანჩესტერ იუნაიტედს და ყველა იმ კლუბს, რომელმაც ამ “კრიმინალურ აქტს” ხელი მოაწერა და ინგლისის პრემიერლიგის დანარჩენ წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, უნდა რცხვენოდეთ იმისათვის, რაც გააკეთეს. “მით უმეტეს შუა სეზონში ამაზე ხელის მოწერა ძალიან ცუდი ხუმრობაა!”

'ზიზღის განცდა მაქვს იმ სიხარბისა და გაუმაძღრობის მიმართ, რაც ამ იდეის უკან იმალება'

ნევილის კრიტიკას დენი მერფიც შეუერთდა. “კვირას, როცა ეს ცნობები გავრცელდა, ჩემი რეაქციაც ისეთივე იყო, როგორც იმ ადამიანების უმეტესობის, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ. “იმედგაცრუებისა და ზიზღის განცდა მაქვს იმ სიხარბისა და გაუმაძღრობის მიმართ, რაც ამ იდეის უკან იმალება,” - უთხრა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა BBC-ს და დასძინა: “ახალი ტურნირის დაარსებას არაფერი აქვს საერთო ფეხბურთის სიყვარულთან, ან სპორტის ამ სახეობის განვითარებასთან. ამ პროექტში საქმე მხოლოდ ფულს ეხება!”

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი კლუბების მხრიდან სუპერლიგის შექმნა ოფიციალურად დადასტურდა (ვრცლად ნახეთ აქ). დამფუძნებელი კლუბების ჩამონათვალი ასეთია: მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი და ტოტენჰემი. 

სუპერლიგის ოფიციალურ განცხადებიდან ირკვევა, რომ ხსენებულ 12 გუნდს კიდევ 3 კლუბი შეუერთდება, რომლებიც ასევე იქნებიან სუპერლიგის დამფუძნებლები და ახალი ტურნირი, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები