Thumbnail
  • ქართველი ძიუდოისტი ვაზარით აგებდა, თუმცა, მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა
  • ეთერ ლიპარტელიანის დასკვნითი მეტოქე კოსოვოელი ნორა გიაკოვა იქნება

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ევროპის ჩემპიონატის რეპეშაჟში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ლიპარტელიანი სანუგეშო რაუნდში ისრაელის წარმომადგენელ ტიმნა ნელსონ ლევის გაეჯიბრა და მართალია, ვაზარით ჩამორჩა, წარმატებას მაინც მიაღწია. ეთერმა საპასუხო ვაზარი მიითვალა, მეტოქე შებოჭვაზეც დაიჭირა და სუფთა გამარჯვება გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა საწყის წრეებში უკრაინელ მარია სიკორასა და გერმანელ იანა ციგლერს იპონებით აჯობა, რასაც მეოთხედფინალში ასევე იპონით ფრანგ სარა ლეონ სისკესთან მარცხი მოჰყვა. ეთერი რეპეშაჟში სწორედ ამის შემდეგ გადავიდა.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპირველობაზე საღამოს ბლოკი სტარტს 19:00 საათზე აიღებს და ლიპარტელიანის მეტოქე ევროპის 2018 წლის ჩემპიონი კოსოვოელი ნორა გიაკოვა იქნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ვაჟთა ბადეში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ვაჟა მარგველაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები