Thumbnail

დინამო თბილისმა დერბიში ლოკო დაამარცხა და პირველი წრე მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლოკომოტივი 1:3 დინამო თბილისი
  • გოლები: 0:1 მექვაბიშვილი (74), 0:2 მარუშიჩი (80), 0:3 ქველაძე (82, საკ-კარში), 1:3 კაშია (85)

საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურში ლოკომოტივმა დინამო თბილისს უმასპინძლა და დედაქალაქურ დერბიში გამარჯვება ნომინალურ სტუმრებს დარჩათ (3:1). გიორგი ნემსაძის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, უკვე ზედიზედ მე-6 თამაში მოიგო და 4-წრიანი ჩემპიონატის პირველი წრის გამარჯვებულია.

შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო - გუნდებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველ ტაიმში ასეთი სულ ორი იყო - თითო ორივე კართან. 28-ე წუთზე ზორან მარუშიჩის თავური დარტყმა რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო 7 წუთში ლოკომოტივს გაცილებით რეალური საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ კახა კახაბრიშვილმა ლუკა კუტალაძეს პირისპირ ვერ აჯობა - იმის მიუხედავად, რომ ლოკოს შემტევს დარტყმის უკეთ მოსამზადებლად დრო საკმარისად ჰქონდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მე-2 ნახევარში დიდხანს არაფერი იცვლებოდა. ანგარიში 74-ე წუთზე გაიხსნა: მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე ახვლედიანის გადაცემას ანზორ მექვაბიშვილი გამოეხმაურა და დინამო დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ გოლის და საგოლე პასის ავტორები ცვლილებაზე შევიდნენ. 6 წუთში მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა - მას მერე, რაც ზორან მარუშიჩმა გაიტანა. ლოკომოტივის მეკარემ, თევდორაძემ ზედიზედ ორი დარტყმა მოიგერია, მაგრამ სერბმა შემტევმა ცარიელ კარში იოლად დაამატა.

გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველ წრეში 9 მატჩიდან 7 მოიგო (1 ფრე, 1 მარცხი)

მარუშიჩმა 2 წუთში კიდევ ერთ გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა: ამჯერად მან თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარისკენ, რომელიც გიორგი ქველაძეს მოხვდა და სხვაობა სამამდე გაზარდა. დარჩენილ დროში ლოკომოტივმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. დინამოელთა ახალგაზრდა მეკარე ლუკა კუტალაძემ ბურთი ცუდად მოიგერია და ახლო მანძილიდან გურამ კაშიამ ზუსტად დაამატა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა (ბოლო 4 მატჩში), რაც მცველისთვის ბრწყინვალე მაჩვენებელია.

ამგვარად, პირველი წრე დინამო თბილისმა 22 ქულით ლიდერის პოზიციაზე დაასრულა, ლოკომოტივს კი 14 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. გიორგი ნემსაძის გუნდი მომდევნო ტურში 25 აპრილს წყალტუბოს სამგურალს ესტუმრება (პირველ წრეში სენსაციური 1:1), ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ერთი დღით ადრე თბილისურ დერბიში, საბურთალოს უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივისა და დინამო თბილისის დაპირისპირება თურქ მსაჯთა ბრიგადამ იმსაჯა, მთავარი არბიტრი კი კორაი გენჩერლერი იყო, რომელიც ხვალ გორის დილას და დინამო ბათუმს შორის დაპირისპირებასაც განსჯის.

ლოკომოტივი 1:3 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 მექვაბიშვილი (74), 0:2 მარუშიჩი (80), 0:3 ქველაძე (82, ავტოგოლი), 1:3 კაშია (85)

ლოკომოტივი (4-2-3-1): თევდორაძე - ქველაძე, კაშია, სანდოხაძე, გაბაძე (46. მჭედლიშვილი) - შონია, დარცმელია (76. იაკობიძე), - კირკიტაძე, იმრანი (69. ჭიაბრიშვილი), კახაბრიშვილი (60. სამურკასოვი) - სიხარულიძე (69. გავაშელიშვილი)

დინამო თბილისი (3-4-1-2): კუტალაძე - ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი (89. ხარაბაძე)- კუცია (89. იაშვილი), რადინი (58. მექვაბიშვილი), გაგნიძე (75. აბუაშვილი), კობოური - ქარდავა - მარუშიჩი, გაბედავა (58. ახვლედიანი)

კომენტარები

ბოლო ამბები