Thumbnail

ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძიუდოისტმა სერბ მეტოქეს 2 ვაზარი აართვა
  • საღამოს ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაწყებული ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

მარგველაშვილი ნახევარფინალში სერბ სტრანია ბუნჩიჩს გაეჯიბრა და მართალია პირველი შიდო თავად მიიღო, შემდეგ, აშკარა უპირატესობას ფლობდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს 2 ვაზარი აართვა და ახლა, ევროპირველობის მოგებამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

შეგახსენებთ, რომ ვაჟამ საწყის ორთაბრძოლაში ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინაროსთან ვაზარი გაუშვა, თუმცა, იპონის განხორციელება მოახერხა. ქართველს საკმაოდ გაუჭირდა მეოთხედფინალშიც, სადაც ბელარუს დმიტრი მინკუსთან დამატებითი დრო დასჭირდა, მაგრამ ისიც იპონზე დასცა.

ლისაბონურ შეჯიბრზე საღამოს ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს, მარგველაშვილის მეტოქე კი იტალიელი მანუელ ლომბარდო იქნება, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიელ ჟოაო კრისოსტომოს იპონით აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები