Thumbnail
  • ბუნდესლიგაში ჰერტას მომდევნო 3 მატჩი გადაიდო
  • ბერლინელთა მთელი გუნდი 14-დღიან კარანტინშია
  • გერმანიის საფეხბურთო ლიგა სეზონის შეჩერებაზე არ ფიქრობს

გერმანიის ჩემპიონატში ახალი კორონა-ქაოსია!

ბერლინის ჰერტაში აქტიურად გავრცელებული ეპიდემიის გამო დედაქალაქელთა მომდევნო 3 მატჩი გადაიდო - ჰერტას კვირას მაინცთან უნდა ეთამაშა, ოთხშაბათს ფრაიბურგთან, ხოლო მომდევნო შაბათს კი - შალკესთან. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის საფეხბურთო ლიგამ (DFL) პარასკევს ოფიციალურად დაადასტურა.

ხუთშაბათს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ჰერტას მთავარ მწვრთნელ პალ დარდაის, მის ასისტენტ ადმირ ჰამზაგიჩსა და გუნდის თავდამსხმელ დოდი ლუკებაკიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ხუთშაბათსვე იზოლაციაში გადავიდა კიდევ ერთი მწვრთნელი ანდრეას ნოიენდორფიც, რომელსაც ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კოვიდ-19 კიდევ ერთ მოთამაშეს, მარვინ პლატენჰარდტს დაუდასტურდა, რის შემდეგაც მთელმა გუნდმა კარანტინში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მატჩები კორონავირუსის გამო პირველად გადაიდო. “ცხადია, ყველაფერზე ვიფიქრებთ, ეს მატჩები ხომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს. გადატვირთული კალენდრის გამო ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა, - განაცხადა DFL-ის შეფმა კრისტიან ზაიფერტმა, - თუმცა ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.”

ზაიფერტმა ხაზგასმით დასძინა, რომ სეზონის შეჩერებაზე ფიქრი გამორიცხულია: “ბუნდესლიგის ყველა კლუბი ამაზე შეთანხმებულია. ჩემი აზრით, 22 მაისს გერმანიის ჩემპიონის ვინაობა გვეცოდინება.”

ჰერტას სპორტულმა დირექტორმა არნე ფრიდრიხმა აღნიშნა, რომ კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შექმნილ სიტუაციას მოერგოს. “უკვე გასაგებია, რომ სრული ქაოსი გვექნება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არის,” - თქვა მან. ჰერტას კარანტინი 29 აპრილამდე უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები