Thumbnail

ბუფონს თამაში უნდა და იუვედან წასვლაზე ფიქრობს - ატალანტა ერთ-ერთი ვარიანტია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯანლუიჯი ბუფონს იუვენტუსთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება
  • 43 წლის მეკარემ ამ სეზონში მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა

ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, შესაძლოა, სეზონის ბოლოს იუვენტუსიდან წავიდეს, მაგრამ ფეხბურთში დარჩეს. Calciomercato-ს ინფორმაციით, 43 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს თამაში კვლავ სურს და ისეთ გუნდს ეძებს, სადაც ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება.

ჯიჯი იუვენტუსში ამჟამად სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, მას კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ზემოხსენებული წყარო ბუფონს ბერგამოს ატალანტას უკავშირებს. ჯან პიერო გასპერინის გუნდი დიდი ალბათობით, პიერლუიჯი გოლინის გაყიდის და მისი შემცვლელი დასჭირდება. იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი იდეალური ვარიანტი იქნება, ჯიჯის კი მუდმივად თამაშის და თანაც, ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის შესაძლებლობაც მიეცემა.

მოსალოდნელია, რომ ბუფონი საბოლოო გადაწყვეტილებას იუვენტუსის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, რომელიც იტალიის თასის ფინალის (19 მაისი) მერეა დაგეგმილი.

ბუფონს კარიერის დასრულება არ უნდა

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ბუფონი იუვენტუსში 2001-2018 წლებში თამაშობდა, ამის შემდგომ ერთი სეზონი პსჟ-ში გაატარა, ხოლო 2019 წელს "ბიანკონერის" დაუბრუნდა. ტურინელთა რიგებში მას 682 თამაში აქვს ჩატარებული, რაც კლუბის ისტორიაში, ალესანდრო დელ პიეროს (705) შემდეგ, მეორე შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები