Thumbnail
  • როგორც ირკვევა, სიტის ფეხბურთელის გვერდზე ტვიტი მისი ნებართვის გარეშე დაიდო
  • ინგლისელმა ფილ ფოდენმა Ten Toes Media-სთან კონტრაქტი გაწყვიტა

ინგლისური მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა ხელშეკრულება გაწყვიტა კომპანიასთან, რომელიც მის სოციალურ ქსელებს მართავდა. The Telegraph-ის ცნობით, 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი Ten Toes Media-ს მას შემდეგ გაუბრაზდა, რაც მისი სახელით ფრანგული პსჟ-ს ვარსკვლავ კილიან მბაპესადმი მიმართული პოსტი გავრცელდა, თავად ფილი კი საქმის კურსში არავის ჩაუყენებია.

აღნიშნულ ტვიტს ასობით გამოხმაურება და მოწონება ჰქონდა, თუმცა, ფოდენმა და მისმა წარმომადგენლებმა ის მაინც არაეთიკურად მიიჩნიეს. ფილის აზრით, პოსტი მბაპეს გამოწვევისკენ იყო მიმართული, არადა მას ასეთი განზრახვა სულაც არ ჰქონია. გაუგებრობას ადგილი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ ჰქონდა, რომელშიც სიტიმ დორტმუნდს 2:1 სძლია, ერთი გოლი კი სწორედ ფოდენმა გაიტანა. მალევე ფილის ტვიტერზე მბაპესადმი მიმართული პოსტი გაჩნდა: “მზად ხარ?”. მანჩესტერელებს ნახევარფინალში ხომ სწორედ პარიზელებთან დაპირისპირება ელით. ტვიტი მალევე იქნა წაშლილი.

ცნობისთვის, Ten Toes Media სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ცნობილი კომპანიაა, რომელიც არაერთ ვარსკვლავთან თანამშრომლობს. მათ შორის არიან ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინი, მადრიდის რეალის შემტევი ვინისიუს ჟუნიორი და ევერტონის თავდამსხმელი დომინიკ კალვერტ-ლუისი.

საინტერესოა, რომ ეს მანჩესტერ სიტის ფეხბურთელთან დაკავშირებული მსგავსი პირველი შემთხვევა სულაც არაა. 2019 წელს რაჰიმ სტერლინგმა კონტრაქტი გააუქმა Purple PR-თან მას შემდეგ, რაც მისსავე სოციალურ ქსელში კონფიდენციალური ინფორმაცია გავრცელდა. საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც სტერლინგს ინგლისის ნაკრებში 50-ე მატჩში კაპიტნის სამკლავურით უნდა ეთამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები