Thumbnail
  • დინამო ბათუმს 8 ტურის შემდეგ ყველაზე ცოტა, 3 გოლი აქვს მიღებული
  • ეს, დაცვის კარგი თამაშის გარდა, პირველ რიგში ლაზარე კუპატაძის დამსახურებაა
  • პოპსპორტი ბათუმელთა მეკარეს მიზნებზე, ნაკრებსა და ვილი სანიოლზე ესაუბრა

შაბათს, საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე მე-9 ტურით მთავრდება. ეროვნულ ლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი დინამო ბათუმია. უფრო მეტიც: გია გეგუჩაძის გუნდს 8 თამაშის შემდეგ ყველაზე ცოტა, მხოლოდ 3 გოლი აქვს გაშვებული. ძლიერი მცველების გარდა, პირველ რიგში ეს ბათუმელთა მეკარის, ლაზარე კუპატაძის დამსახურებაა, რომელიც დინამომ ამ სეზონის წინ გადაიბირა. 25 წლის კიპერი ძალიან დამაჯერებლად თამაშობს, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ.

მე-9 ტურში დინამო ბათუმი გორის დილას ეთამაშება - გუნდს, რომელიც დაცვაში ასევე ძლიერია და 8 ტურში მხოლოდ 5 გოლი მიიღო, რაც დინამო ბათუმის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში მეორე შედეგია. ერთი სიტყვით, დილას და დინამო ბათუმის სახით ერთმანეთს საუკეთესო უკანა ხაზის მქონე გუნდები ხვდებიან. თამაშის წინ პოპსპორტი ლაზარე კუპატაძეს დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ბათუმელთა მეკარემ არა მარტო მიმდინარე სეზონსა და დინამო ბათუმზე, არამედ საქართველოს ნაკრებზე და მის ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლზეც ისაუბრა...

POPSPORT: როგორი განწყობაა გორის დილასთან მატჩის წინ, როგორ თამაშს ელოდებით?

ლაზარე კუპატაძე: გუნდში კარგი განწყობაა, ჩემპიონატის დაწყებიდან არ წაგვიგია, ბოლო თამაშიც დამაჯერებლად მოვიგეთ და ვეცდებით, რომ პირველი წრე დაუმარცხებლად დავასრულოთ. გორში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ყველანი ამისთვის ვემზადებით. დილა ძლიერი გუნდია, ეს კარგად გვაქვს გააზრებული, მაგრამ ვფიქრობ, ჩემპიონატში ჩვენზე ძლიერი გუნდი არ არის.

POPSPORT: სეზონის განვლილ ნაწილს როგორ შეაფასებ?

კუპატაძე: დადებითად შევაფასებ. სეზონი ახალი დაწყებულია და როგორც გუნდი, იდეალურ ფორმაში ჯერ არ ვართ. მიუხედავად ამისა, თამაში არ წაგვიგია. რამდენიმე ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ყველაფერი წინაა, სამი წრეა დარჩენილი. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.

POPSPORT: პირადად როგორ შეეწყვე გუნდს, რამდენად კარგად გაიარე ადაპტაცია?

კუპატაძე: არ გამიჭირდა, რადგან ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობდი, რამდენიმესთან ნაკრებში მქონდა ნათამაშები. ასევე კარგად ვიცნობდი სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილსაც, რომელიც სულ გუნდთან ერთადაა. მის მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ. მასთან ერთად საბურთალოში ვთამაშობდი. სამწვრთნელო შტაბთანაც მქონდა 21-წლამდე ნაკრებში ნამუშევარი და შესაბამისად, ძალიან მარტივად გავიარე ადაპტაცია. ყველა მეგობრულად დამხვდა და ერთად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ლაზარე კუპატაძე დინამო ბათუმში პირველ სეზონს ატარებს

POPSPORT: რამდენად მნიშვნელოვანია მეკარისთვის თანამედროვე ფეხბურთში ფეხით თამაშის კომპონენტი? გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ხელმძღვანელობ გუნდს თამაშის მიმდინარეობისას...

კუპატაძე: კარგია, როცა მეკარე თანაგუნდელებს ბევრ რამეს კარნახობს და თამაშში მაქსიმალურად ჩართულია. როდესაც ძლიერ გუნდში ხარ, რომელსაც სულ ბურთი აქვს და უტევს, მეკარისთვის ცოტა რთულია ამ შემთხვევაში 90 წუთი კონცენტრაციის შენარჩუნება, რადგან შეიძლება, თამაშში ჩართვა დიდხანს არ მოუწიოს. კარნახით მთელი თამაში კონცენტრირებული რჩები, ჩართული ხარ და არ ითიშები. გარდა ამისა, მეკარე თამაშს კარგად ხედავს, უკნიდან ყველაფერი ჩანს და უმნიშვნელოვანესია, რასაც ხედავ და რაც არის სწორი, უკარნახო მცველებს. ეს მათ საქმეს უფრო უმარტივებს.

'მეკარე ფეხით კარგად უნდა თამაშობდეს და ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას ვუთმობ'

მეკარის ფეხით თამაშს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან დიდი როლი აქვს ისეთი გუნდისთვის, რომელიც ბურთზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, უარს ამბობს მის უბრალოდ მოშორებაზე. შორეული დარტყმისას არ იცი, ვის დარჩება ბურთი, ბრძოლა გიწევს. როცა მცველი იღებს ბურთს, აწყობ შეტევას ისე, როგორც დაგეგმილი გაქვს. ამიტომ, ასეთი სტილით მოთამაშე გუნდებში აუცილებელია, მეკარე ფეხით კარგად თამაშობდეს და რა თქმა უნდა, ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას ვუთმობ.

POPSPORT: საქართველოს ნაკრებზეც ვისაუბროთ: განვლილი სამი მატჩიდან რა განსხვავება დაინახე ვლადიმირ ვაისის დროინდელ გუნდთან შედარებით?

კუპატაძე: პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ამხელა სტრესის მერე ნაკრებმა მოახერხა, სახე არ დაეკარგა და მე ვიტყოდი, უფრო ძლიერი დაბრუნდა. ახალი მწვრთნელიც საფეხბურთო სიტუაციას ქმნის და ყველა მომართულია მიზნების მისაღწევად. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი დარტყმა იყო. პირადად მე და ნაკრების მინიმუმ 90%-ს ასეთი მარცხი არ განუცდია, მაგრამ ვილი სანიოლმა ახალი მოტივაცია მოიტანა გუნდში, ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებსაც დებიუტი ჰქონდათ და რთულ მისიას თავი კარგად გაართვეს. გამოჩნდა, რომ ყველასთან შეგვიძლია მინიმუმ თანაბრად თამაში - თუ უფრო მაღალ დონეზე არა.

POPSPORT: ბოლო 3 თამაშიდან ყველაზე მეტად დასანანი რომელი მატჩის შედეგი იყო?

კუპატაძე: ვფიქრობ, რომ ეს ესპანეთთან წაგებაზე უნდა ვთქვათ. იმიტომ, რომ მოგება თუ არა, უარეს შემთხვევაში, ფრის მიღწევა მაინც შეგვეძლო, მაგრამ ბოლო წუთებზე არ გაგვიმართლა. ჩემი აზრით, ყველაზე დასანანი ეს თამაში იყო და არალოგიკური შედეგი თამაშიდან გამომდინარე. საბერძნეთთანაც დასანანი გოლი გავუშვით, მერე მოვახერხეთ გათანაბრება, თუმცა მიღებული გოლის შემდეგ ფრე უფრო ლოგიკური იყო.

'ესპანეთთან მოგება თუ არა, ფრის მიღწევა მაინც შეგვეძლო'

POPSPORT: ვილი სანიოლს როგორ შეაფასებ - რა დაინახე ამ მოკლე პერიოდში მასთან მუშაობით?

კუპატაძე: სანიოლი ძალიან კარგი მწვრთნელია, დადებითად შევაფასებ. აქვს რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა, რაც ფეხბურთელებამდე ძალიან კარგად მოაქვს და ვფიქრობ, თამაშის ხარისხში ეს ჩანდა. ფეხბურთელებამდე ძალიან კარგად მიიტანა და გააგებინა, თუ რა სტილის თამაში სურს. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელებმა მისი დავალებები კარგად შეასრულეს. მოკლედ, მას ძალიან იმედიანად ვუყურებ და ვფიქრობ, შეუძლია, საქართველოს ნაკრებში დიდ წარმატებას მიაღწიოს.

POPSPORT: ნაკრებში სისტემატურად გიძახებენ, მაგრამ ჯერ დებიუტი არ გქონია. წინ ამხანაგური მატჩებია და ალბათ, ახლა უფრო რეალურია, რომ შანსი მოგეცეს...

კუპატაძე: უპირველეს ყოვლისა მინდა, დინამო ბათუმში კარგად ვითამაშო და რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. ნაკრებში სწორედ კლუბში კარგი თამაშით ხვდები და ამიტომ, პირველ რიგში ამაზე ვარ კონცენტრირებული. ნაკრებს ამხანაგური მატჩები ექნება, ველოდები ჩემს შანსს და იმედი მაქვს, რომ ეს შანსი მომეცემა.

კუპატაძე ფეხით თამაშის გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობს

POPSPORT: წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი? ლუქსემბურგში გადასვლა რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ამ გადასახედიდან?

კუპატაძე: რეალურად, ლუქსემბურგში წასვლას არ ვაპირებდი. საუბარი იყო ფრანგულ მეცზე, იქ წავედი, მაგრამ რაღაც პრობლემები შეიქმნა და ლუქსემბურგში აღმოვჩნდი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო, ყველა გუნდი დაკომპლექტებული გახლდათ და მე მაინც იმედი მქონდა, რომ მეცში გადავიდოდი, თუმცა რაღაცები შეიცვალა და რადგან სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო, ერთადერთი ვარიანტი ლუქსემბურგში წასვლა იყო. თავიდან რომ მცოდნოდა, იქ მომიწევდა წასვლა, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, დავრჩებოდი და საბურთალოსთან ერთად ევროპალიგაზე ვითამაშებდი. თუმცა, ფეხბურთში ეს ხდება. რაც მთავარია, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ახლა ახალი მიზნები მაქვს და ამ დროისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

POPSPORT: არჩევანი რომ გქონდეს, სად ითამაშებდი...

კუპატაძე: კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და თუ წინადადებას მივიღებ, ყველა ერთად დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჯერჯერობით მინდა, რომ დინამო ბათუმთან ერთად ჩემპიონი გავხდე, რადგან ძალიან ბევრი ხალხი ელოდება ამას და მსურს, ყველამ ერთად ვიზეიმოთ. მინდა, რომ როცა აქედან წასვლა მომიწევს, დინამო ბათუმის ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შეტანილი მქონდეს. რაც შეეხება იმას, თუ სად ვისურვებდი თამაშს - სურვილით, ალბათ მაინც უფრო ესპანეთში მესიამოვნებოდა თამაში.

POPSPORT: მომდევნო საშინაო თამაში, სავარაუდოდ, ბათუმში გექნებათ, ფანებთან ერთად...

კუპატაძე: ძალიან დიდ მხარდაჭერას ველოდებით. ეს ბოლო თამაშებშიც ვიგრძენით, მაგრამ როდესაც ბათუმში დავბრუნდებით და გაცილებით ბევრი ქომაგი მოვა, ვიცით, რომ ძალიან კარგ ატმოსფეროს შექმნიან და ეს დაგვეხმარება. საბურთალოში თამაშის დროს მათ წინააღმდეგ მითამაშია და ვგრძნობდი, როგორ უჭერდნენ მხარს თავიანთ გუნდს და ძალიან სასიხარულოა, როდესაც ფეხბურთელებს ქომაგებისგან ასეთი მხარდაჭერა აქვთ. ბედნიერი ვარ, რომ ამას მეც გამოვცდი. იმედი მაქვს, მათ იმედებს გავამართლებთ და სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ყველა ერთად ვიზეიმებთ.

დინამო ბათუმს ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული და ეს დიდწილად კუპატაძის დამსახურებაა

POPSPORT: ვინ იყო შენი ინსპირაციის წყარო კარიერის დასაწყისში და ახლა ვინ მიგაჩნია საუკეთესო მეკარედ?

კუპატაძე: ედვინ ვან დერ სარი მომწონდა. ძალიან მარტივად თამაშობდა, თითქოს ყველაფერი იცოდა, თავისით იმარტივებდა თამაშს, ბევრს შრომობდა და ბევრს ფიქრობდა. დღევანდელ ფეხბურთში ბევრი კარგი მეკარეა, მაგრამ მანუელ ნოიერს გამოვარჩევდი თავისი ინდივიდუალური სტილის გამო, რომელიც არავის ჰგავს და ზოგჯერ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც მეკარისგან ცოტა თუ ელის. ნოიერი ერთ-ერთი საუკეთესოა - თუ არა საუკეთესო.

POPSPORT: შენი აზრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე?

კუპატაძე: ჯანლუიჯი ბუფონი. როგორც ახასიათებენ, პიროვნული თვისებებითაც გამორჩეულია. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, მაგრამ დიდი სახელი დატოვა და ძალიან სასიხარულოა ის, რომ კიდევ თამაშობს და სანამ შეუძლია, საყვარელ საქმეს ბოლომდე აკეთებს.

დინამო ბათუმმა ლაზარე კუპატაძე მიმდინარე სეზონის წინ, თბილისის საბურთალოდან დაიმატა. მან ეროვნული ლიგის რვავე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, საიდანაც 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რითაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი აქვს. კუპატაძეს დინამო ბათუმისა და საბურთალოს გარდა, თბილისის ლოკომოტივსა და ლუქსემბურგულ იეუნეს დ’ეშში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები