Thumbnail

‘WOW WOW WOW!’ - ლუკა დონჩიჩის სასწაულ სამიანს ლებრონ ჯეიმსიც გამოეხმაურა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლუკა დონჩიჩმა დალასს მემფისთან მატჩი განუმეორებელი გეიმვინერით მოაგებინა. სლოვენიელის სროლამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ლებრონ ჯეიმსზეც, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა.

საფინალო სირენამდე 1,8 წამით ადრე, დალასი 2 ქულით აგებდა და დონჩიჩმა ბურთი სწორედ ამ დროს მიიღო, მცველს გასცდა და უნიკალური ტყორცნით საოცარი სამქულიანი ჩააგდო. ეს დონჩიჩის 27-ე, 28-ე და 29-ე ქულები იყო, რითაც დალასმა თამაში 114:113 მოიგო.

“სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს როგორ მოხდა, - თქვა დონჩიჩმა მატჩის შემდეგ, - როგორღაც წინ წავიწიე და ვისროლე, ცოტა გამიმართლა კიდეც, ფაქტია.”


თამაშის შემდეგ მავერიკსის მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი “სასწაულზე” ლაპარაკობდა და დონჩიჩი მეტოქეებმაც აქეს. “ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, როგორც დონჩიჩის სროლამდე ვითამაშეთ,” - ეს მემფისის ვარსკვლავის, ჯა მორანტის სიტყვებია, - ასეთ დროს დაცვაში მხოლოდ იმის გაკეთება შეგიძლია, რომ მეტოქეს სროლა მაქსიმალურად გაურთულო, მაგრამ ლუკამ ეს ურთულესი ბურთიც ჩააგდო. ამიტომ, უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს.”

დალასისთვის ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან მემფისის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ტექსასელთა უშუალო კონკურენტია.

დონჩიჩის საოცარ სამიანს ლებრონ ჯეიმსიც გამოეხმაურა:“WOW WOW WOW!!!!! კარგი რა, ლუკა, ამას სერიოზულად არ აკეთებ!” - დაწერა ლეიკერსის ლიდერმა ტვიტერზე.

კომენტარები

ბოლო ამბები