Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ულამაზესი სლემი ფენერბაჰჩესთან მატჩში შეასრულა
  • თორნიკე შენგელია მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს, სავარაუდოდ, დღეს დაუბრუნდება

ევროლიგამ რეგულარული სეზონის ჩატენვების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ რჩეულებში მოსკოვის ცსკა-ს ქართველი მძიმე ფორვარდის თორნიკე შენგელიას შედეგიანი შეტევაც მოხვდა.

თორნიკე შენგელიას სუპერმომენტი

საქართველოს ნაკრების კაპიტანს სუპერმომენტი ევროლიგის 21-ე ტურში ჰქონდა, როდესაც ცსკა-მ სტამბულის ფენერბაჰჩესთან 83:89 წააგო, მატჩის საუკეთესო მომენტად კი სწორედ ქართველი კალათბურთელის იერიში აღიარეს: თორნიკემ მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და ის გიგანტ ჩეხ იან ვესელის (სიმაღლე 2.13 მ.) თავზე გადაატენა. სეზონის შედეგებით, ეს მომენტი დანქების TOP 3-ში შევიდა.

იმ შეხვედრაში თოკო სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:42 წუთში მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო: 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ბოლო მატჩები თვალის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა და სავარაუდოა, რომ მოედანს დღეს დაუბრუნდება, როდესაც ცსკა ევროლიგის დასკვნით მატჩში ბერძნულ პანათინაიკოსს დაუხვდება. ეს შეხვედრა ჯერ კიდევ 19 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის მომრავლებული შემთხვევების გამო გადაიდო.

სათქმელია ისიც, რომ მოახლობულ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა აღარ გააჩნია. რუსულ გრანდს 23 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და მე-2 ადგილი გატანტირებული აქვს, პანათინაიკოსი კი მე-16 პოზიციას ვერ ასცდება. უკვე ცნობილია, რომ შენგელიას გუნდი პლეი ოფში, რომელიც სტარტს 21 აპრილიდან აიღებს, სწორედ ხსენებულ ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები