Thumbnail

ბაიერნმა მოიგო, მაგრამ გავარდა - პსჟ ნახევარფინალშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პარი სენ-ჟერმენი 0:1 ბაიერნი | გოლი: 0:1 ჩუპო-მოტინგი (40)
  • პსჟ ნახევარფინალშია, ბაიერნმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშია! ფრანგულმა გუნდმა ბაიერნთან შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის გამო რევანში აიღო და "რეკორდმაისტერი" ტურნირიდან გამოთიშა. მიუნხენურმა გიგანტმა შინ 2:3 წაგების შემდეგ სტუმრად კი მოიგო, მაგრამ არასასურველი ანგარიშით და ტიტულის დაცვას ვეღარ მოახერხებს.

თამაში ნელ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდს გარკვეული დრო დასჭირდა, რომ სახიფათო მომენტები შეექმნათ. ეს დრო კი 27-ე წუთზე დადგა, როდესაც ბაიერნმა მოკლე მონაკვეთში ორჯერ მწვავედ შეუტია. თავიდან ლეროი სანემ და მერე იოზუა კიმიხმა შორი მანძილიდან სცადეს გატანა, მაგრამ ორჯერვე ბურთი კეილორ ნავასის კარს მცირედით ასცდა. პსჟ-მ სტუმართა ხიფათს სწრაფად უპასუხა, პრაქტიკულად საპასუხო იერიშში, მაგრამ ნეიმარს პირისპირ მანუელ ნოიერმა აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. ბრაზილიელი პირველ ტაიმში პარიზელთა რიგებში ყველაზე სახიფათო უტევდა. მას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ისევ ნოიერმა აჯობა, ხოლო 37-ე წუთზე შედევრამდე ძალიან ცოტა დააკლდა და „რეკორდმაისტერი“ ხარიხამ გადაარჩინა. ორ წუთში ნეიმარმა მორიგი შანსი გაანიავა და ძალიან მაგარი პოზიციიდან ძელს გაარტყა.

გამოუყენებელი ძალიან რეალური მომენტის გამო პსჟ დაისაჯა და მე-40 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. დავიდ ალაბას დარტყმას ნავასი გაუმკლავდა, თუმცა იქვე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი იყო, რომელმაც თავით დაუცველი კარი დალაშქრა და ყოფილ გუნდს მეორე მატჩში მეორედ გაუტანა. ამგვარად, ორი თამაშის ჯამში ჰანსი ფლიკის გუნდმა გაათანაბრა, მაგრამ უპირატესობა მაინც ფრანგთა მხარეს დარჩა სტუმრად გატანილი მეტი გოლის გამო. პირველ ტაიმში ბოლო სიტყვა ისევ გერმანელებმა თქვეს და ალაბას შორეულ დარტყმას ნავასი გაჭირვებით, მაგრამ გაუმკლავდა.

ჩუპო-მოტინგის გოლი ბაიერნს ნახევარფინალისთვის არ ეყო

მე-2 ტაიმის პირველი მომენტი მასპინძლების იყო. 53-ე წუთზე მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა შედევრალურ გოლამდე, მაგრამ დი მარიას ფანტასტიკური პასის შემდეგ ნეიმარი ცარიელი კარის წინ ბურთს ვერ შესწვდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში აშკარა საგოლე მომენტები ხშირად არ იქმნებოდა და საბოლოოდ პსჟ-მ სასურველი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა.

ბაიერნმა პარიზში 1:0 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ფრე 3:3 და პარი სენ-ჟერმენი სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით ნახევარფინალში გავიდა. ამგვარად, პარიზელებმა პლეი ოფში ჯერ ბარსელონას აჯობეს და ახლა ბაიერნს. წინ ან მანჩესტერ სიტია ან დორტმუნდი - მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 1/2-ფინალში სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

პარი სენ-ჟერმენი 0:1 ბაიერნი

გოლი: 0:1 ჩუპო-მოტინგი (40)

პარი სენ-ჟერმენი (4-2-3-1): ნავასი - დაგბა, დანილო, კემპემბე, დიალო (58. ბაკერი) - გეიე, პარედესი - დი მარია (88. ერერა), ნეიმარი, დრაქსლერი (73. კინი) - მბაპე

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი (71. მუსიალა) - კიმიხი, ალაბა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო-მოტინგი (84. მარტინესი)

კომენტარები

ბოლო ამბები