Thumbnail
  • პანდემია გრძელდება - ზაფხულის ტესტები ჯერ კიდევ დაულაგებელია
  • შოტლანდიელებს 'ბორჯღალოსნებთან' ტესტი კვლავ სურთ

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ამჟამინდელმა თავკაცმა უორენ გეთლანდმა სამწვრთნელო შტაბი შეარჩია, რომელსაც ლომების სამხრეთაფრიკულ ტურში იახლებს. შტაბში მოხვდა შოტლანდიის ნაკრების თავკაცი გრეგორ თაუნსენდი და მისი ასისტენტი, დაცვის მწვრთნელი სტივ ტენდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შოტლანდიის ნაკრები ივლისის ტესტებზე მთავარი მწვრთნელის გარეშე რჩება. ამ დროს კი შოტლანდიის ნაკრები დიდი ალბათობით საქართველოსთან ტესტმატჩს გამართავს. 

2020 წლის დეკემბერში, როცა "შემოდგომის ერთა თასი" დასრულდა, ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ შოტლანდიის ნაკრები ზაფხულის ტურნეს მოაწყობს და დიდი ალბათობით, თბილისსაც ესტუმრება. 

იმის გამო, რომ მსოფლიოში პანდემია არსად წასულა შოტლანდიის ნაკრების აღმოსავლეთევროპული ტურნე (რუმინეთთანაც უნდა ეთამაშათ) კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა შოტლანდიის რაგბის კავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველოსთან ტესტმატჩი მაინც შედგება, სად ჯერ უცნობია. ერთი ცხადია, თუ ეს ტესტი შედგა, გუნდს არ ეყოლება მთავარი მწვრთნელი თაუნსენდი, რომელიც ლომებთან ერთად ტურნეს მართავს. 

ზაფხულში საქართველოს ნაკრებს ერთი ტესტი უკვე დაგეგმილი აქვს - 7 აგვისტოს არგენტინას ესტუმრება, ქალაქი ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, 10 ივლისს შოტლანდია ინგლისს კალიფორნიაში ეთამაშება, ხოლო 17-ში რუმინეთს. ასე რომ, სავარაუდოდ 24 ან 31 ივლისს საქართველოს ნაკრებს გაეჯიბრება. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია ტიერ 1-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც თბილისში ტესტ-მატჩის ჩასატარებლად ჩამოვიდა. ეს შეხვედრა 2019 წლის 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" შედგა და "ნარშავებმა" 44:10 მოიგეს. მას შემდეგ, "ბორჯღალოსნები" შოტლანდიელებს ედინბურგში კიდევ 2-ჯერ გაეჯიბრნენ და ამ შემთხვევებშიც გამარჯვება მეტოქეს რჩებოდა: 36:9 – 2019 წლის 6 სექტემბერს და 48:7 - მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს.

კომენტარები

ბოლო ამბები