Thumbnail

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ალბათ 2018 წლის ზაფხულში შედგა, როდესაც კრიშტიანო რონალდომ მადრიდის რეალი დატოვა და კარიერა, ბევრისთვის მოულოდნელად, ტურინის იუვენტუსში გააგრძელა.

ტურინში ფიქრობდნენ, რომ ეს "საუკუნის გარიგება" იყო და კრიშტიანო იუვეს საბოლოოდ მიიყვანდა სანუკვარ მიზნამდე - ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე. თუმცა, რეალობა სხვანაირი გამოდგა. პორტუგალიელმა იუვეს მაისურით უკვე 3 სეზონი ჩაატარა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე "ბებერი ქალბატონის" შედეგები იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე მანამდე ჰქონდა, სანამ CR7 შავ-თეთრ მაისურს მოირგებდა.

იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ კი დღეს საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც აღნიშნული წყარო წერს, 2019 წელს, მასიმილიანო ალეგრიმ  იუვეს პრეზიდენტ ანდრეა ანიელის, რომელთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, როდესაც ტურინულ გრანდს ტოვებდა, ურჩია, რომ კრიშტიანო დაუყოვნებლივ გაეყიდა:

"რონალდო მოიშორე, ის გუნდს და კლუბსაც განვითარებაში ხელს უშლის", - ურჩია მაქსმა ანდრეას.

რონალდომ იუვეში 97 გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო

მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ რონალდო დღემდე იუვენტუსის წევრია და კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი რჩება. კრიშტიანო სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და აქტიურად საუბრობენ, რომ ზაფხულში გუნდიდან წავა. თუმცა, ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ამ ეტაპზე რეალური წინადადებები არ არსებობს. ამასთან, 36 წლის ფეხბურთელისთვის სეზონში 30 მილიონი ევროს გადახდას ალბათ არცერთი ევროპული კლუბი არ მოინდომებს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ რონალდო იტალიაში საგადასახადო შეღავათები აქვს, რისი შესაძლებლობაც სხვა ქვეყნებში არ ექნება.

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსის რიგებში დღემდე ჩატარებულ 126 მატჩში 97 გოლის გატანა მოახერხა, ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და იტალიის სუპერთასის გამარჯვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები