Thumbnail

იბრა დასაჯეს - შვედ ფორვარდს არბიტრის შეურაცხყოფა არ აპატიეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარმასთან მატჩში არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა
  • 39 წლის შვედი ფორვარდი დისკვალიფიკაციითა და ჯარიმით დასაჯეს
  • მილანს ჯენოასთან თამაში თავისი მთავარი ბომბარდირის გარეშე მოუწევს

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიკაციითა და ჯარიმით დასაჯეს. შვედი ფეხბურთელი თავისი გუნდის ერთ მატჩს გამოტოვებს და 5000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის. 

39 წლის იბრაჰიმოვიჩმა სასჯელი სერია A-ს 30-ე ტურში, პარმასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩში (3:1) ჩადენილი ქმედებისთვის მიიღო. ფეხბურთელმა შეხვედრის მეორე ტაიმში პირდაპირ წითელი ბარათი მას შემდეგ მიიღო, რაც მსაჯს, ფაბიო მარესკას რაღაც უთხრა. 

იტალიური მედიის ცნობით, მოგვიანებით ზლატანს სურდა თავი ემართლებინა იმით, რომ რეფერიმ მის მიერ ნათქვამი ფრაზა არასწორად გაიგო, თუმცა სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელი “არბიტრის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი კრიტიკისთვის” მაინც დასაჯა. 

ამრიგად, შვედი თავდამსხმელი გამოტოვებს იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს ჯენოასთან, რომელიც 18 აპრილს, "სან სიროზე" გაიმართება. 

შვედი ფორვარდი პარმასთან შეხვედრაში გააძევეს

მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანის ღირსება 25 მატჩში დაიცვა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. 

სერია A-ში გასული 30 ტურის შემდეგ, სტეფანო პიოლის გუნდს 63 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ თანაქალაქელ ინტერს (74) ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები